“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, კონსტატნტინე მორგოშია იოსებ ჯუღაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სტალინი იყო ღმერთზე ნაკლები და ყველა ადამიანზე მეტი.
“ეს სურათი ზურა მახარაძეს მე გადავუღე. მერე მანაც გადამიღო სურათი სტალინის საფლავზე… როცა ზურამ ეს სურათი თავის ფეისბუქ გვერდზე განათავსა და ვნახე… იმხელა დადებითი ემოცია წამოვიდა ჩემში, რომ ჩემი სურათის დადება უბრალოდ არც მომინდა. ზურას ამ სურათს დიდი ალიაქოთი და ღლიცინი მოყვა პერვერტების, ლიბერალებისა და ლატენტური ტროცკისტების გვერდებზე. მადლობა უფალს, რომ ამ სურათს გაცილებით მეტი დადებითი ემოცია ჰქონდა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ნუ, ცხადია, არც ზურას დაცვას ვაპირებ ამ პოსტით და მითუმეტეს, არც სტალინის, რადგან არც ერთს არაფერი არ სჭირს ვინმესგან დასაცავი, მაგრამ ერთ რამეს კი ჩემი მხრიდან ვიტყვი – სტალინის ფენომენის შესწავლას 15 წელი შევალიე… ძალიან სკეპტიკური პოზიციიდან დავიწყე მისი შესწავლა და რამდენიმე წლის მერე მივხვდი თითქმის ყველაფერს. აქედან გამომდინარე, სტალინის მიმართ ჩემი შეფასება ასეთია: ის იყო ღმერთზე ნაკლები და ყველა ადამიანზე მეტი. სტალინი არამარტო ყველაზე დიდი ქართველი იყო, არამედ მსოფლიო ისტორიაში უპირობოდ #1 მოვლენაა და ამიტომ მე, ადამიანი, რომელსაც სიმართლის თქმა არასდროს არც მეშინოდა და არც მეთაკილებოდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი – სტალინმა თავის დროზე უფლის შეწევნით, გადაარჩინა კაცობრიობა და ახლაც ჩვენ მის დანატოვარზე გვაქვს შანსი ეს ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ამიტომ არც არავის გაგიკვირდეთ… არც ახალი მელიტონ ქანთარია გამარჯვების დროშით ხელში”, – წერს მორგოშია.