თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით 117%-ით გაიზარდა

სექტემბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, თბოსადგურების მიერ გამუმუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის სექტემბერთან შედარებით 2,2-ჯერ არის გაზრდილი

სექტემბერში თბოსადგურებმა 316 მილიონ 451 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს (146 მილიონ 133 ათასი კვტსთ) 2,17-ჯერ ანუ 117%-ით აღემატება.

სულ, მიმდინარე წლის ცხრა თვეში თბოელექტროსადგურებმა 2 მილიარდ 46 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გამომუშავებულზე (1 მილიარდ 240 მილიონ 562 ათასი კვტსთ) 65%-ით მეტია.

თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მატება თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ და მაღალმა ფასმა განაპირობა. თურქეთს გასულ წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტით 220,5 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, საქართველოზე ტრანზიტით კი 371,826 მლნ კვტსთ. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთს საქართველოდან ექსპორტით 861 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა (ზრდა 290%), საქართველოზე ტრანზიტით კი 1 მილიარდ 704 მილიონ 200 ათასი კვტსთ (ზრდა 358%).

გასული წლის იანვარ-სექტემბერში თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა მთლიან გამომუშავებაში 13,7% შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი 18,7%-მდეა გაზრდილი.