“თურმე მის ჯიბეში ჩამიყვია ხელი იქ ვეძებ” – რა სახალისო ისტორიას იხსენებს გოდერძი შარაშია

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, წლების წინ, მეტროში მომხდარ უხერხულ და სახალისო ინციდენტზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მაშინ ნაძალადევში ვცხოვრობდი. პირველი არხის ჟურნალისტი ვიყავი და ყოველ დილით მეტროთი ზუსტად 15 წუთში სამსახურში ვიყავი. გვიანი შემოდგომაა და წვიმებია. სანამ მეტროში ჩავირბინე კარგად დავსველდი.

ხალხი ირევა, სამი მატარებელი ისე წავიდა ვერ შევედი. მოკლედ როგორც იქნა ჩემი რიგი მოვიდა, მოვიდა რა შევეკვეხე, ისე ვდგავართ ერთმანეთს ვეწებებით.

ვხედავ წვეთები თმიდან სახეზე მეცემა. ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ხელსახოცს ვეძებ რომ მოვიმშრალო და ვერ ვპოულობ კარგად ვეძებე და უცებ მესმის, ქალმა შეჰკივლა:

შენ მოუკვდი შენს პატრონს შე უნამუსო და ნამუს გარეცხილო! ვიფიქრე, რა მოხდა, გავიხედე და აღმოჩნდა, რომ მე მიკივის და მლანძღავს… თურმე მის ჯიბეში ჩამიყვია ხელი იქ ვეძებ ჩემს ხელსახოცს. კივის, არ გაჩერდა, კივის გაუჩერებლად და მწყევლის, ხმას ვერ ვიღებ, რომ ვთქვა რაც მოხდა… იძულებული გავხდი, მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვსულიყავი. მისი კივილი აგერ 25 წლის შემდეგაც ყურში მესმის ყველა წვიმის დროს. არა და თავში ხომ გახსოვთ, რომ გითხარით, როგორი გაჭირვებით შევეკვეტე მატარებელში.

ამ ისტორიას რომ ვიხსენებ, ახლაც ვწითლდები უხერხულობისგან”, – წერს შარაშია.