“ვიდრე შეუწყალოდ დახვრეტდნენ, მოვასწარი მისთვის ამის თქმა…” – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:

“გურამ შარაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩემი მომავალი წიგნიდან შემოგთავაზებთ ამ თავს. საუკუნო ხსენება იყოს მისი. დააკვირდით: კაცთა მოდგმის მტერმა (წყეულიმც იყოს, როგორც ნათლობის რიტუალში შეაჩვენებენ და განეშორებიან მას) მოკლა გურამ შარაძე, კოლხური კოშკის შენარჩუნების მთავარი ინიციატორი და უმძიმესი დაზიანება მიაყენა ცოტნეს, კოლხური კოშკის გუშაგს.
****

კოლხური კოშკის მდგომარეობა პუტჩის შემდეგ და გურამ შარაძის ჩართვა

კოლხურ კოშკს ამბოხებულები ჯერ კიდევ 1991 წლის 22 დეკემბრიდან უშენდნენ ტყვიებს. პუტჩისტებმა წმინდა პანტელეიმონის ტაძარზე დაამონტაჟეს ტყვვამფრქვევი, საიდანაც პერიოდულად კოშკის მიმართულებით ისროდნენ. მიზანი ცხადია იყო – ზეწოლის გაზრდა, რათა კაპიტულაციის გამოცხადებისკენ აეძულებინათ მოწინააღმდეგე. ამავე დროს დაცვის გაძლიერება აქ ბუნებრივია, შეიარაღებული დამცველების გარკვეულ რაოდენობას მოაკლებდა მთავრობის სასახლეს. წლის ბოლოს კოშკზე იერიშები თითქმის შეწყდა, ხოლო დაცვის უკანასკნელი შენაერთი, რომელმაც დატოვა კოშკის მიმდებარე ტერიტორია, იყო დედოფლისწყაროს საპოლიციო პატარა რაზმი, რომელიც დაახლოებით 30 პოლიციელისგან შედგებოდა. პრეზიდენტმა როდესაც თავის ოჯახთან ერთად დატოვა დედაქალაქი, კოშკს არავინ იცავდა. დაცვაც მთლიანად გაჰყვა პრეზიდენტს აზერბაიჯანისკენ.

იმჟამად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გურამ შარაძე იხსენებდა, რომ 6 იანვარს, გამთენიისას მიიღო სატელეფონო ზარი ნაცნობი ქალბატონისგან, რომელმაც უთხრა, პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, ეს „ნაძირალები“ კი კოშკს შეესივნენ და კონსტანტინე გამსახურდიას არქივს საფრთხე ემუქრებაო. „ჩემს ვალდებულებად ჩავთვალე, რომ კოშკისთვის უნდა მომევლო და მეპატრონა, რადგან ჩემთვის იგი მუზეუმზე მეტია,“ იხსენებდა გურამი. თუმცა კოშკთან მას დახვდნენ მხედრიონელები, რომლებმაც ეზოში შესასვლელად იოსელიანისა ან კიტოვანის ხელმოწერილი საშვი მოითხოვეს. გურამი მეცნიერებათა აკადემიის შენობაში შეხვდა ჯაბა იოსელიანს, სადაც მას განთავისუფლების შემდეგ კაბინეტი ჰქონდა აღებული და მეტად ემოციურად, შემტევად აუხსნა შექმნილი მდგომარეობა. ჯაბას, რომელსაც ახსოვდა, რომ გურამ შარაძე წლების წინ მისი დისერტაციის დაცვისას სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო, მოერიდა მასთან გამწვავებას და საშვი გაუმზადა. გურამ შარაძე ამ საშვით კოშკთან მივიდა, მაგრამ ის უკვე დაელუქა პროკურატურის წარმომადგენელს.

გურამ შარაძემ სასწრაფოდ შექმნა კომისია მეზობლებისა და მუზეუმის თანამშრომლებისგან, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ციცი ბუქურაული. კოშკთან მორიგეობა დაწესდა, რომელიც მალე ჩაანაცვლა მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსის, ელგუჯა ჯამბურიას მიერ საგანგებოდ გამოყოფილმა ჯგუფმა. მაგრამ 15 მარტს კოშკს ცეცხლი გაუჩინეს, რის შესახებაც გურამს ღამის სამ საათზე შეატყობინეს მეზობლებმა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი იყო ზემო ვერაზე მდებარე ათსართულიანი სახლის სახურავიდან ნასროლი ცეცხლგამჩენი ტყვიები, რომლებმაც დააზიანეს კრამიტები და თავიდან გამოიწვიეს ძელების აალება. ცეცხლი გადავიდა ხის კიბეზე და მთელ სახლს მოედო. გურამ შარაძის თქმით, ეს შეასრულა ისეთმა პირმა, ვინც კარგად იცოდა ამ სახლის შიდა აგებულება და ხის კონსტრუქციები.

ამ დროს ედუარდ შევარდნაძე ცხრა დღის დაბრუნებული იყო საქართველოში. პირველი, რაც გურამ შარაძემ კოშკთან მისვლისას გააკეთა, იყო, რომ მეხანძრეებს შეაწყვეტინა წყლის უკონტროლო დასხმა. ის, რასაც ცეცხლი ვერ გააფუჭებდა, მას უთუოდ დააზიანებდა წყალი. მის მიერ იმ დღესვე შეიქმნა ახალი კომისია და განხორციელდა ყველაფრის აღწერა. ეს გადარჩენილი არქივი, მასალები, სურათები, ცალკეული ნივთები და ა.შ. თავიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიუტანიათ, რომლის დირექტორმაც, აკაკი ძიძიგურმა, უარი თქვა მათ მიღებაზე და ეს ასე ახსნა: მაგის გამო ახლა ამ ბიბლიოთეკასაც ხანძარს გაუჩენენო. უარი ითქვა მათ მიღებაზე ასევე ხელოვნების მუზეუმშიც, რომელსაც ახალი დირექტორი ჰყავდა პუტჩის აქტიური და თავგამოდებული მომხრის, პროფესორ ნოდარ ლომოურის სახით. გურამ შარაძის თქმით, ლომოურმა უარი თქვა თვით დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ორიგინალური ნამუშევრების მიღებაზე, რახან ისინი კოლხურ კოშკს ეკუთვნოდა. მხოლოდ საარქივო დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ მახარაძემ მიიღო მათი ერთი ნაწილი.

ამასობაში კი მუშა ჯგუფი შეუდგა არქივის რესტავრაციასა და დახარისხებას. სტეინვეის ფორტეპიანო დროებით დააბინავეს პიანისტ მედეა ფანიაშვილთან, ავეჯი, მათ შორის მწერლის სამუშაო მაგიდა და ნივთების გარკვეული რაოდენობა შენახული იქნა იზაბელა ერგემლიძესთან. ამ ქალბატონმა თავისი ბინა სამი წლით დაუთმო მუზეუმს ამ ნივთების შესანახად. ბევრი ნივთი სამუდამოდ განადგურდა, როგორც მაგალითად, მწერლის მეუღლისა და ზვიადის დედის, მირანდა ფალავანდიშვილის პორტრეტი, დახატული გრაბარის მიერ და თავად მწერლის ცნობილი პორტრეტი, შესრულებული ქეთევან მაღალაშვილის მიერ. ცეცხლმა ზემოდან ჩააღწია ასევე პირველ სართულზე და გაანადგურა ზვიადის ოთახი, მთელი არქივითა და ბიბლიოთეკით.

გურამ შარაძე იგონებს:„ამ წამებაში ვარ და შეიარაღებული ნაძირალებისგან შემდგარი რაზმით მომადგა გელა ლანჩავა, მაგრამ კოშკის ეზოში არ შევუშვი. ერთი საათის შემდეგ უკვე სავსე ავტობუსით მობრუნდა. ამას დამიდასტურებს მაშინ რაზმაძის მოადგილე, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ გვარამია. მე მაინც არ ვუშვებდი და ხეს ამოფარებული ვახტანგ გვარამია შორიდან ადევნებდა თვალს ჩემს საუბარს ამ ნაძირალებთან. წამიყვანეს ავტობუსში და რაციით მასაუბრეს თენგიზ სიგუასთან. შენ მანდ რეებს ბედავო, დაგხვრეტ ადგილზეო, მეუბნება სიგუა. შენ რანაირი პრემიერ-მინისტრი ხარ, გურამ შარაძეს საათნახევარი ელაპარაკები, ან დამხვრიტე ბოლოს და ბოლოს ან თავი დამანებე-მეთქი, ვუთხარი. ამასობაში ჩვენი საუბარი რადიოხულიგნებს ჩაუწერიათ და გაუგზავნიათ ბატონი ზვიადისთვის გროზნოში… მირეკავს ბატონი ზვიადი და მეუბნება: „ჩემო გურამ, მე სათანადოდ ვერ დაგაფასე და თუ მეღირსა როდესმე საქართველოში დაბრუნება, ამ დიდ ამაგს ოდესმე გადაგიხდიო“. როგორც გურამ შარაძე ადასტურებს, ზვიადი თავიდანვე წინააღმდეგი იყო კოლხური კოშკის აღდგენის. მას სურდა, რომ იგი დარჩენილიყო შევარდნაძის ხელისუფლების ვანდალიზმის ცოცხალ ძეგლად.

შემდეგ დავურეკე გროზნოში და გადავაფიქრებინეო, აგრძელებს გურამ შარაძე, მან დამიჯერა, მოლბა…. ამის შემდეგ რაც მოვახერხეთ, გადავხურეთ კოშკი და დღემდე კოლხური კოშკი რომ დგას, არ ჩამოიქცა, არ ჩამოინგრა და აგურ-აგურ არ იქნა გატანილი – ეს მე გავაკეთე! ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბატონმა ირაკლი ანდრიაძემ (ზვიადის ხელისუფლება შიყოფნის დროს ქალაქის მერმა, კ.გ.), რომელმაც ბორჯომიდან ჩამომიტანა არაჩვეულებრივი ხის მასალა. შემდეგ, გაზაფხულზე, ბოტანიკოსებიც კი მოვიყვანე, აღვწერე ბაღი და ზოგიერთი რამ აღვადგინე კიდეც.“

გურამ შარაძე ზვიადის ანდერძის მიხედვით ითვლებოდა კოლხური კოშკის შენარჩუნებისა და მისი აღდგენის მთავარ ხელმძღვანელად. იგი თვლიდა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას საფლავი არ უნდა დარჩენილიყო კოლხური კოშკის ბაღში, არამედ მისი ნეშტი უნდა გადასვენებულიყო მთაწმინდის პანთეონში. მოგვიანებით, ამ ამბებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, ტრაგიკული და საზარელი იყო გურამ შარაძის აღსასრული და ვიდრე ქალაქის ცენტრში შეუწყალოდ დახვრეტდნენ, გარკვეული ხნით ადრე მოვასწარი მისთვის მადლობის თქმა, რამაც თუნდაც ერთი სიმძიმე მომხსნა გულიდან.”