მერიამ, რომელმაც ტაშ-ფანდურით ჩაიბარა ობიექტი და მეორე დღეს ასეთი ტრაგედია დატრიალდა, უნდა აგოს პასუხი.
სანდრო შელია, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი: – არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა მივუსამძიმრო ამ გოგონას ოჯახს. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება უბედური შემთხვევები, მაგრამ ჩვენთან იმის გამო, რომ ჩამოშლილია ტექნიკური უსაფრთხოების სისტემა, იმიტომ, რომ ყველა დონეზე კომპანიებს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, ხშირად ვეჩეხებით ან კორუფციას, ან არაკომპეტენტურობას, ან უპასუხისმგებლობას. ეს ტრაგედია მიუთითებს, რომ უსაფრთხოება დარღვეული იყო. კეთილსინდისიერად რომ გაკეთებულიყო, ბავშვები არ დაშავდებოდნენ და გოგონა არ დაიღუპებოდა. ესე იგი, უხარისხოდ გაკეთდა, არ შემოწმდა და ისე ჩაიბარეს.
– საიდან შეიძლებოდა გადასულიყო დენი?
– როგორც ვიცი იქ სხვადასხვა ძაბვა იყო: დაბალი მიეწოდებოდა ნათურებს, მეორე, უფრო მაღალი ძაბვა, – ტუმბოს. ტუმბო არის მოწყობილობა, რომელიც დგას შადრევნის ცენტრში და რომლის მეშვეობითაც მუშაობს შადრევანი. ის რაც ახლა ვიცით, ის არის, რომ ძაბვა უფრო მაღალი იყო სწორედ ცენტრისკენ და უბედურებაც ამიტომ მოხდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაჟონვა მოხდა იქ, სადაც დენი უერთდება ტუმბოს – სადღაც ცენტრისკენ. ვფიქრობ, საქმე გვაქვს იზოლაციის დარღვევასთან… ეს არ არის ერთი პირის შეცდომა, არც გულგრილობის, უცოდინარობის ბრალი. ამის მიზეზი ის არის, რომ სწორად არ მუშაობს მთელი სისტემა. ის, რასაც უნდა აკეთებდეს მერია ჩვენივე ფულით, კეთდება უხარისხოდ, თანხები კი რეგულარულად სადღაც გაედინება. ქირაობენ და ტენდერებს აგებინებენ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან მერიასთან და შედეგიც შესაბამისია – ტრაგედია.
– ცოტა ხნით ადრე ბავშვები წყალში თამაშობდნენ, მერე რა უნდა მომხდარიყო?
– თავიდანვე იყო დენის გაჟონვა თუ მერე გაჟონა, ეს დეტალები ექსპერტებმა უნდა დაადგინონ. როდესაც კერძო კომპანია აბარებს პროექტს (იწყება ტენდერით, რომელიც ობიექტურად უნდა ჩატარდეს, უნდა შეირჩეს კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პირობას, ხარისხიანია და წარმოადგენს ყველაზე კონკურენტულ ფასს), შემდეგ იწყებს მუშაობას. ცხადია, აუცილებელია მონიტორინგი და ხდება კიდეც ეტაპობრივად, პარალელურად თანხების მიწოდებაც. იმისთვის, რომ მერიამ ჩაიბაროს ობიექტი და გადაუხადოს მთლიანი თანხა შემსრულებელ კომპანიას, აუცილებელია ინსპექტირება. როდესაც ობიექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის რისკებს, როგორიც კონკრეტულ შემთხვევაშია დენის გაყვანილობა და წყალი, აუცილებელია უსაფრთხოების დაცვის შემოწმებაც. მერიის თანამშრომელი, ვინც იღებს ობიექტს, არ არის აუცილებელი ტექნიკურად კომპეტენტური იყოს და პირადად შეამოწმოს. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ჩატარდეს ობიექტის ინსპექტირება, დაიწეროს დასკვნა, შედგეს დოკუმენტაცია, მათ შორის ისიც, რომ ჩაატარეს ობიექტის გამოცდა. თუ მერიის თანამშრომელი დარწმუნდება, რომ პროცედურულად ყველაფერი გაკეთდა, ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს და შემსრულებელ კომპანიას ურიცხავენ ანაზღაურებას.
ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო და მერიამ ეს უხარისხო სამუშაო ჩაიბარა. რატომ? ესე იგი, ინსპექტირების ორგანო ან არ იყო კომპეტენტური, ან ვერ გააკეთა საქმე სწორად. კიდევ ერთი, ინსპექტირება ერთჯერადი პროცესია. ეს რომ მომხდარიყო, მაგალითად, ჩაბარებიდან 2 წლის შემდეგ, მაინც გაჩნდებოდა ბევრი კითხვა, მაგრამ როდესაც ობიექტის ჩაბარებიდან მეორე დღესვე ხდება ტრაგედია, ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ ობიექტი თავიდანვე არ იყო გამართული. ბევრ კითხვას ბადებს ისიც, თუ როგორ ჩატარდა შემოწმება…
– შეიძლება გატესტვისას ყოფილიყო ყველაფერი მწყობრში და მერე აღარ?
– რთული სათქმელია… მერიამ, რომელმაც დიდი ტაშ-ფანდურით ჩაიბარა ობიექტი და მეორე დღეს ასეთი ტრაგედია დატრიალდა, უნდა აგოს პასუხი პოლიტიკურად, რაც გულისხმობს მერის გადადგომას. შეიძლება უშუალოდ მერი არ არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მაგრამ მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. სხვანაირად როგორ უნდა შეხედო დაღუპული გოგონას მშობლებს თვალებში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ჯერ მხოლოდ 9 პირია დაკავებული.
წყარო: newposts.ge