სობიანინი: მოსკოვში ქალაქის ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი არ შეიცვლება!

რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ მოსკოვში არანაირი შემზღუდავი ზომები, რუსეთის მიერ ახლად შემოერთებულ ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობის შემოღების გამო, არ იგეგმება.

თავის ტელეგრამ-არხზე მერმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი შენარჩუნდება. ამას ხელს არ შეუშლის სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

სობიანინმა არ დააზუსტა, რა ზომებს გულისხმობს, თუმცა მიუთითა, რომ მერიის პრიორიტეტია ეკონომიკის მდგრადი ზრდა, უსაფრთხოების ზომები, ძალების და საშუალებების კოორდინაცია, სამოქალაქო თავდაცვა, საგანგებო სიტუაციებში თავდაცვა და მისთ. ყოველივე ეს, მისი თქმით, “შესაბამისი ფედერალური და საქალაქო სამსახურების მიერ გადაწყდება და, ძირითადად, სამუშაო რეჟიმში”.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საომარი ვითარების შემოღება გამოაცხადა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ამასთან, დაწესებულია განსაკუთრებული რეჟიმები უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, ცენტრალურ და სამხრეთ ფედერალურ ოკრუგებში. მოსკოვში, თავის მხრივ, განისაზღვრა “მომატებული მზადყოფნის დონე“.