ვლადიმერ ზელენსკი რუსეთზე- დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ

სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ირანისადმი მიმართვა სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ათწლეულები ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, შედეგად დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ”, – აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისადმი ირანის დახმარება სტრატეგიულად არაფერში დაეხმარება და მხოლოდ დამატებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ რუსეთი საკუთარი მარცხის ტრაექტორიაზე და საკუთარ ტერორში კიდევ ვინმეს ჩათრევას ცდილობს.

“აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამაზე შესაბამის საერთაშორისო რეაქციას. თუმცა ახლა ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების წყალობით, ტერორისტებს კიდევ შეიძლება უჩნდებოდეთ გარკვეული იმედები, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები. ყველაფერი ეს დაიმსხვრევა, ისევე როგორც მათი წინასწარი გათვლები”, – განაცხადა უყრაინის პრეზიდენტმა.