გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ ამ კაცს კიევის ქუჩაში, მასზე დაყრდნობით რაიმე კომენტარის გაკეთება არასწორია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე – „ალექსი გონჩარენკო ამბობს, რომ სანქციების გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ თქვენ ხელი არ მოაწერეთ რეზოლუციას, რომლის მთავარი მიზანი იყო, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებულიყო, ხედავთ თუ არა რეალურად, რომ შეცდომაც იყო თქვენი მხრიდან დაშვებული, როდესაც ხელი არ მოაწერეთ რეზოლუციას“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გონჩარენკოს თავად უკრაინელებიც არ სცემენ პატივს.
„ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოტანოს. ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში. გვაფრთხილებენ, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავებენ საკუთარ ნაბიჯებს უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ამის არავის ეშინია. არავითარი შანტაჟის და შიშის ქვეშ ჩვენ მეორე ფრონტს არ გავხსნით“, – განაცხადა კობახიძემ.