ირანულ-რუსული უპილოტო საფრენი აპარატების გამო, უყრაინა უმძიმეს ვითარებაში ვარდება – წარმოგიდგენთ “გერანებს”

პირველად სამხედრო ისტორიაში, 2022 წლის 13 ოქტომბერს, უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა და რუსეთში მოდერნიზებულ ირანულ წარმოებას წარმოადგენდა, სახელწოდებით “გერან-2”, უკრაინული თვითმფრინავი-გამანადგურებელი, “მიგ-29”, გაანადგურა.

ქალაქ ვინნიცასთან ჩამოგდებული თვითმფრინავი, როგორც ჩანს, უკრაინის მაღალპროფესიონალი მფრინავების, “უკრაინელი მიმინოების” ჯგუფიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დიდწილად პილოტის შეცდომამ განაპირობა – ასე, უკრაინის სახელმწიფო გამოძიებათა ბიურომ დაადგინა, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა რუსული დრონ-კამიკაძე “გერან-2”-ის ნამსხვრევებისგან, რომელიც მან გაანადგურა ახლო მანძილიდან, – ფაქტი ფაქტად რჩება. რუსი ექსპერტი, ბორის როჟინი სამართლიანად შენიშნავს, რომ საჰაერო ბრძოლაში უკრაინული გამანადგურებლის მარცხის შემთხვევითი ხასიათი მოვლენის უნიკალურობას ვერ აუქმებს.

“უნდა ვაღაროთ, რომ უკრაინის გამანადგურებლების განადგურება საჰაერო ბრძოლებში, არ შედის ირანული ‘ჯოჯოხეთის მოპედების’ მუშაობის ძირითად პროფილში. მიუხედავად ამისა, დრონებმა ამ შემთხვევაშიც გაგვაოცეს” – აღნიშნა რუსმა ექსპერტმა.

თუმცა ეს ფაქტი, მიუხედავად თავისი უნიკალურობისა, წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც ირანული კამიკაძე-დრონის, Shahed-136-ის ბაზაზე გაუმჯობესებულმა დრონებმა გამოიწვიეს უყრაინაში. კიევის ხელისუფლება აღიარებს, რომ დრონების შეჩერება ანტისაჰაერო დაცვის ამჟამად არსებული საშუალებებით ვერ შეძლეს. რამდენიმე დღეში რუსებმა შეძლეს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების 30%-ის დაზიანება ან სრულად განადგურება. უკრაინა მძაფრი ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა, შეიძლება ითქვას, კრიზისი უკვე დაწყებულია.

არადა, თავიდან უკრაინული მხარე ცდილობდა, რუსების მიერ გამოყენებული უპილოტო საბრძლო-საფრენი აპარატები სასაცილოდ აეგდო, აქცენტს აკეთებდა მათ ხმაურზე (“მოპედი” ამიტომ შეარქვეს) და შედარებით დაბალ სიჩქარეზე. “არესტოვიჩები” და “პოდოლიაკები” იმასაც ამტკიცებდნენ, რომ რუსული დრონები და რაკეტები მიზანში ვერ არტყამენ, იმდენად უზუსტონი არიან თურმე. მაგრამ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის  მნიშვნელოვანი ნაწილის იავარყოფამ და ამ ფაქტის ცალსახაობამ განწყობები კიევში შეცვალა.

ახლა ზელენსკის რეჟიმი მორიგი ისტერიული შეძახილებით ცდილობს, მოუხმოს მფარველ (სინამდვილეში, თავის გამქეზებელ და დამღუპველ) დასავლეთს და ახალი ანტისაჰაერო სისტემების მოწოდებას ითხოვს, რათა გაუმკლავდეს “ირანულ მოპედებს”. ბოლო ჯერზე, ბანდერელებმა ისრაელს მიმართეს, ირანის ჯიბრით მაინც მოგვაწოდეთ თანამედროვე შეიარაღებაო, მაგრამ ისრაელის თავდაცვის მინისტრ განცისგან უარი მიიღეს – განცი საერთოდ არ დაელაპარაკა “უკრაინის თავდაცვის მინისტრს”. ამას მოჰყვა ისრაელში უკრაინის ელჩის სამარცხვინო ისტერიკა და ა. შ.

ფოტოზე: იემენელი ჰუსიტების მიერ გამოყენებული ირანული “გერანების” შეტევის შედეგი საუდის არაბეთის ნავთობსაბადოებზე, 2019 წლის სექტემბერი. მაშინ საუდეთის სამეფო იძულებული გახდა, ნავთობის მოპოვება შეეზღუდა.

 

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დასავლეთი თუნდაც დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას ყველა ტიპის, მის ხელთ არსებული ანტისაჰაერო სისტემებით, ამ დახმარების ეფექტურობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქმე ისაა, რომ 1 ცალი “გერანის” ფასი დაახლოებით 20 ათას დოლარამდე ფასდება, რაც ასეთი ტიპის სამხედრო ოპერაციებისათვის არ არის ძვირი, სამაგიეროდ, მისი ჩამომგდები რაკეტების წარმოება, ცალობით, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება. გერანია ხომ ყვავილის სახელია – უბრალო და ლამაზი ყვავილის, რომელიც ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, იოლი მოსავლელია და ასევე იოლად მრავლდება.

მაგალითისთვის ავიღოთ გერმანული “ირისები” – Iris-T და გაუმჯობესებული Iris-T SLM, რომლებიც როგორც გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, ისე მიწაზე მონტაჟდება და 20 კმ სიმაღლეზე და 40 კმ რადიუსში მოქმედებს. მათგან ერთი სისტემა გერმანიამ უკვე მიაწოდა კიევის რეჟიმს და კიდევ 3 სისტემის მიწოდება გადაწყვეტილი ამბავია. თითო ასეთი სისტემა 140 მილიონი ევრო ღირს და ერთი სისტემა მხოლოდ ერთი საშუალო სიდიდის ქალაქის საჰაერო დაცვას ჰყოფნის – თავად გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით. ახლა გამოთვალეთ, რამდენი ობიექტის დაცვას ეყოფა ერთი სისტემა, მით უფრო მაშინ, რომ გერმანული მხარე ასპროცენტიან გარანტიას არ იძლევა: მანევრირებად რაკეტებს ან რაკეტების დიდ რაოდენობას, სისტემა, შეიძლება, ვერ გაუმკლავდეს.

“ირისების” მონაცემები (წყარო):

სახელწოდება: IRIS-T Surface Launched Medium Range (SLM)
მწარმოებელი: Diehl Defence
ტიპი: საჰაერო თავდაცვის სისტემა
ეკიპაჟი: 2 ოპერატორი
მოქმედების მანძილი: ca. 40 km
ხარჯები: ca. 140 მილიონი ევრო pro System

იმავე წყაროში, რომელიც თავის მხრივ, “ბუნდესვერის” ანუ გერმანული ჯარის წყაროებს ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ “ირისიდან” გასროლილი თითო რაკეტა, 400 ათასი ევრო ღირს. როგორია 400 ათასიანი რაკეტის გასროლა 20 ათასიანი დრონის წინააღმდეგ? – აშკარად არ არის ეფექტი, თუკი რუსეთი მასობრივად განაგრძობს დრონების შექმნას და უკრაინის საჰაერო სივრცის მათით გადავსებას!

რაც შეეხება “გერან-2”-ს, რუსი სამხედრო ექსპერტის, ალექსეი ლეონკოვის თქმით, ეს არის ირანულ-რუსული სიახლე. “რიაფანთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ აპარატი თავდაპირველად ირანში იქნა შეძენილი, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი “ადაპტირება სამამულო ოპერატორთან”. ექსპერტი ამბობს, რომ ირანულ “შაჰედებზე” დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლებიც აპარატის ფრენის კორექტირების საშუალებას იძლევიან და მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკაზე დაზუსტებით სროლაც ადვილდება. რუსეთში კი “დრონები გამოიყენება ფაქტობრივად, როგორც საშუალო სიშორის რაკეტები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მისაყენებლად”. რუსული უპილოტო აპარატის მოქმედების არეალი 1 ათას კილომეტრამდეა, ირანული კი თითქმის 2 ათას კილომეტრს ფარავს.

რუსულ-ირანული საბრძოლო საფრენი აპარატი ხელსაყრელია იმით, რომ არის საკმაოდ მსუბუქი (40 კგ ასაფეთქებელი მასალა დაახლოებით 200 კგ კონსტრუქციაზე), სიგრძეში 3 მეტრია და ფრთების სიგანე 2,5 მეტრს არ აღემატება. 185 კმ/საათში მფრენი “შაჰედი”/”გერანი” იმდენად არ ხურდება, რომ იგი სითბური მეთოდით “იპოვოს” ანტისაჰაერო რაკეტამ და, ვინაიდან დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავს, ანტისაჰაერო რადარები მას ვერ “ხედავენ”.

ის, რომ “გერანების” წინაშე ანტისაჰაერო სისტემები უძლურნი არიან, რუსოფობიით გაჟღენთილი, ტენდენციური იულიან რიოპკე, გერმანული ტაბლოიდის, “ბილდის” ე. წ. სამხედრო ექსპერტიც, აღიარებს. უფრო სოლიდური, CNA ჯგუფის ამერიკელი ექსპერტი სამუელ ბენეტი კი ამბობს, რომ

დრონები “რუსეთს საშუალებას აძლევს, მოახდინოს უკრაინელების ტერორიზება მინიმალური ხარჯებითა და ფრონტის ხაზიდან დაშორებით” და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დრონებთან ბრძოლა არ წარმოადგენს ყველაზე უფრო რთულ სამხედრო ამოცანას, – ამტკიცებს ამერიკელი ექსპერტი, “ამის გაკეთება რთულდება”, თუკი იგი უნდა განხორციელდეს “ყველგან ერთდროულად”.

ამასობაში, კიევში პანიკური განწყობები მატულობს. ასე, 16 ოქტომბერს, დრონების უბრალო სასროლი იარაღიდან სროლების საშუალებით ჩამოგდებისკენ მოუწოდა მოსახლეობას შს მინისტრმა ანტონ გერაშჩენკომ. მაგრამ მეორე დღეს, თავად მინისტრმა დენის მონასტირსკიმ სთხოვა მოქალაქეებს, ეს არ გააკეთონ, ვინაიდან, დრონებზე სროლა მაღალსართულიანი კორპუსებიდან, მიზანში მოხვედრის შემთხვევაში, ციტატი – “ტრავმირებასა და დიდ უბედურებას” გამოიწვევს.

ეს ყველაფერი უკრაინული მხარის გარკვეულ უსუსურებაზე მეტყველებს, რასაც დაემატა ისტერიკა ირანის მიმართ – უყრაინის “საგარეო საქმეთა მინისტრი”  ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით “დაემუქრა”. ბევრი ვერაფერი გააწყო აშშ-მაც, რომლის ადმინისტრაციამ “სანქციებით” ტრადიციულ მუქარებს მიმართა.

პირადად მე, რუსეთ-ირანის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას 2000-იანი წლებიდან ვუჭერდი მხარს და ვვარაუდობდი. ეს თანამშრომლობა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა და არსებითი ხასიათი შეიძინა.

 

გულბაათ რცხილაძე