ნანა კაკაბაძე: უკრაინის პრეზიდენტს როგორც ჩანს, მეგობრების მტრებად გადაქცევის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა

კარგად იციან, ბიძინას დასანქცირების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებდნენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია უკრაინის ხელისუფლების (და ალბათ მათ უკან მდგარი აშშ-ს) აშკარად გაუთვლელი და მათთვის უკუშედეგის მომტანი პოლიტიკა, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, იქ მყოფი ქართველთ მოძულე ნაქართველარები მუდმივად ტრიალებენ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების შორიახლოს და გასაკვირი არ არის, ზელენსკის და მის გუნდს მართლა სჯეროდეს, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ (რაც ასე სჭირდება უკრაინას), მხოლოდ ბიძინა და მისი გუნდელები ამუხრუჭებენ.

„საცოდავმა ზელენსკიმ სანქციებით „დაგვბომბა“. ვაშაააა! რას არ გაიგებს კაცი – უკრაინას დაუსანქცირებია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ძმის ცოლი, დეიდაშვილი, იმის შვილი, აგრეთვე კიდევ 3 ქართველი ბიზნესმენი.
„ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს ცემაო“ – ასეა ამათი საქმე. კარგად იციან, ბიძინას დასანქცირების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებდნენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია უკრაინის ხელისუფლების (და ალბათ მათ უკან მდგარი აშშ-ს) აშკარად გაუთვლელი და მათთვის უკუშედეგის მომტანი პოლიტიკა.

როგორც ჩანს, ვაიქართველი ყავლგასული პოლიტიკოსები ზელენსკის და მის გარემოცვას უმტკიცებენ, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქად, მტრად მიიჩნევს და ერთი სული აქვს, როგორმე მოიშოროს თავიდანო.

ის ლექსიკა და შტამპები ჩაუჭედეს თავში გაჭირვებაში ჩავარდნილ უკრაინის საცოდავ ხელისუფლებას, რა ლექსიკონითაც თვითონ მსჯელობენ, რა ილუზორულ წარმოდგენებსაც თვითონ იქმნიან და რითიც ერთმანეთს ასაზრდოებენ.

თუ დავუმატებთ იმასაც, რომ იქ მყოფი ქართველთ მოძულე ნაქართველარები მუდმივად ტრიალებენ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების შორიახლოს, გასაკვირი არ არის, ზელენსკის და მის გუნდს მართლა სჯეროდეს, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ (რაც ასე სჭირდება უკრაინას) მხოლოდ ბიძინა და მისი გუნდელები ამუხრუჭებენ. ამიტომ აქედან ელოდებოდნენ მასობრივ აღტაცებას და მხარდაჭერას. უკრაინის ეროვნული უშიშროების თუ ეროვნული საშიშროების საბჭოს (ამას მალე ვნახავთ) მოუთხოვია ზემო ხსენებულ პირებზე სანქციების დაწესება, რომლის შეფიც ოლექსი დანილოვია, ის პერიოდულად ომისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს საქართველოს. ზელენსკისაც დაუჯერებია ცრუ ნარატივი და დაუყოვნებლივ მოუწერია ხელი.

ნათქვამია, პოლიტიკოსის ღირსება მტრების მეგობრებად გადაქცევის ხელოვნებააო, უკრაინის პრეზიდენტს კი, როგორც ჩანს, მეგობრების მტრებად გადაქცევის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა. სავარაუდოდ ამერიკა- ევროპასაც მოსთხოვს ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას, რითაც ერთად ერთს ჩვენს სამარცხვინო ოპოზიციას გაახარებს, რომელსაც დიდი ჟრიამული აქვს ატეხილი ზელენსკის გადაწყვეტილების გამო. აი, რას ამბობენ ისინი: გიგა ბოკერია: „ივანიშვილი ბოროტების მხარეზეა თავისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ ამის კიდევ ერთი გაფორმებაა დღეს“. მამუკა ხაზარაძე: „ეს არის პრორუსული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება“. შალვა ნათელაშვილმა: „გილოცავთ. „ლეიბორისტული პარტიის“ 10 წლიანი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად გამარჯვებით მთავრდება… ხელისუფლება იცვლება მეგობრებო, შევეგუოთ“. ნიკა მელია: „სანქციები ბიძინას მიუახლოვდა!“

ამ და სხვა იდიოტებს არ ესმით, რომ პოპულარული და პატივცემული ქართველების მიმართ მტრული, თანაც, უსამართლო ქმედებები ავტორთა მიმართ მიუღებლობას აღვივებს ქართველ ხალხში.
ქვეყნისათვის ომის აცილების, ხალხის გადარჩენისთვის „დასჯილი“ ადამიანის მიმართ სოლიდარობა, თანაგრძნობა საზოგადოების მხრიდან რეაქციის ბუნებრივი გამოვლენაა.

ის ფაქტი, რომ ამგვარ მიზეზთა გამო ქართველების დიდი უმრავლესობისთვის ბიძინა ივანიშვილი პოპულარული და პატივცემული პერსონაა, ტვინგაყინულ ოპოზიციონერებს არ უნდათ, თავში შეუშვან. ბოღმა, შური და ღვარძლი ისე აბრმავებს მათ, სასურველს რეალობად წარმოაჩენენ, ილუზიებში ცხოვრობენ, სხვებსაც და საკუთარ თავსაც აჯერებენ, რომ საქართველოში ყველა ბოროტების და წარუმატებლობის სათავე ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ ყველა წარმატებაშიც მხოლოდ უარყოფითი უნდა დაინახონ, საკუთარი გაუკუღმართებული წარმოდგენები გაამართლონ.ასე რომ არ ქნან, მაშინ ხომ ხუხულასავით ჩამოეშლებათ რუდუნებით შექმნილი და მოვლილ-რეკლამირებული მტრის ხატი.

ამ ყველაფერს კი საბოლოო შედეგად ისევ პროდასავლური იდეოლოგიის (როგორც უსამართლო და უსინდისო) დასუსტების და პრორუსული იდეოლოგიის (როგორც ამის ალტერნატივის) გაძლიერებისკენ მივყავართ. და სულ არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენი „გენიოსი“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამას შეგნებულად აკეთებენ თუ თავისი ვიწრო, გამრუდებული პოლიტიკური აზროვნებით“- წერს კაკაბაძე.