დღევანდელი გამამართლებელი განაჩენით დადგინდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ნელი დოროყაშვილი არ არის დაზარალებული, არ არის ძალადობის მსხვერპლი, დოროყაშვილი ბასილაშვილის მიმართ ახორციელებდა სისტემურ მუქარას, შანტაჟს, იძულებას, ცილისწამებასა და პროვოკაციულ ქმედებებს, – ამის შესახებ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში დაზარალებული და დაზარალებულის წარმომადგენლები საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებით გვიმტკიცებდნენ, რომ წარადგენდნენ ისეთ მტკიცებულებას, რომელიც ქვასაც კი გახეთქავდა, არათუ დაადგენდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა დღევანდელი გამამართლებელი განაჩენით დადგინდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ნელი დოროყაშვილი არ არის დაზარალებული, არ არის ძალადობის მსხვერპლი, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ახორციელებდა სისტემურ მუქარას, შანტაჟს, იძულებას, ცილისწამებასა და პროვოკაციულ ქმედებებს. ქმედებებს, რომელიც აღკვეთილ იქნა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. შესაბამისად, დაცვის მხარის მოლოდინი გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბოლო ორი წლის განმავლობაში სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ შესაძლოა, დაზარალებული გვაწვდიდა სწორ ინფორმაციას, დადასტურდა განაჩენით, რომ არ არსებობს მტკიცებულება და სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.