ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას კატეგორიულად არ ეთანხმება.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.
„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, ბრალდების მხარეს გარკვეულწილად დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა. ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს. ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა“, – განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.