ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება.
იუსტიციის მინისტრი არესტოვიჩს საერთაშორისო სამართალში გარკვევას ურჩევს.
,,ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა,მითუმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ- ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა [ოლექსი არესტოვიჩმა] სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ “იუთუბ” არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზე”.
ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა