კვარცხელიას, მამარდაშვილისა და დავითაშვილის ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე თამაში ტურნირამდე გადაწყდება

კვარცხელიას, მამარდაშვილისა და დავითაშვილის ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე თამაში ტურნირამდე გადაწყდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევის შეკითხვას უპასუხა ეროვნული გუნდის წევრების ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე შესაძლო დამატებაზე.

ვლადიმერ გუცაევი: „რამდენიმე ფეხბურთელი 20 ივნისს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შოტლანდიაში ითამაშებს და გასაგებია, რომ პრიორიტეტი ამას ენიჭება. თუმცა, საინტერესოა, შემდეგ რას ვაკეთებთ, შესაძლებელია თუ არა ეროვნულის ფეხბურთელების ახალგაზრდულ ნაკრებში დამატება ევრო 2023-ზე?“.

რამას სვანაძე: „ახალგაზრდული ნაკრების სპეციფიკა ისეთია, რომ ვერავინ ვერასოდეს გათვლის, კონკრეტულ თამაშში ვინ დააკლდება და როგორ იქნება საქმე. ამიტომ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეკრებაზე აქცენტს იმ შემადგენლობაზე აკეთებ, რომელიც იმ დროს არის შენს ხელთ. ჩვენი პროფესია კი ისეთია, საუკეთესო გამოსავალი იმ კონკრეტულ მომენტში უნდა იპოვო.

ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ ერთმანეთს დაემთხვა ეროვნული ნაკრების ოფიციალური შეხვედრა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაში. ეს ყველაზე სამწუხარო ფაქტია და ასეთი რამ მე არ მახსენდება. შოტლანდიაში თამაშია და შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ევრო 2023-ს. ფედერაციამ უეფა-ს მიმართა თხოვნით, რომ ეს კვეთა არ ყოფილიყო. იქ გასათვალისწინებელი იყო ესპანეთის ფაქტორი, რომელიც 2023 წელს თამაშობს ერთა ლიგის ოთხთა ფინალში და ამიტომ ისეთი რეალობა შეიქმნა, რომელსაც ვერ შევცვლით.

დარწმუნებული ვარ, ამასთან გამკლავებას შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელების (კვარაცხელია, დავითაშვილი, მამარდაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, მიქაუტაძე) შეცვლა ძალიან რთული იქნება. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვყავს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ბირთვი, რომელთა რწმენა არასოდეს დამიკარგავს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ერთი მატჩი იქნება თუ ორი, რომ მაქისმალური შედეგი დადონ.

ამას გარდა, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატამდე 8 თვეა დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივრების წინაშე ღირსეულად წარვდგებით. რაც შეეხება კონკრეტიკას, მანამდე დიდი დროა და გამიჭრდება იმის თქმა, რა მოხდება. ეს უფრო მაისში იქნება შესაძლებელი, როდესაც თამაშები მოახლოვდება. მაშინ გვეცოდინება, რომელიც ფეხბურთელები იქნებიან ეროვნული ნაკრებების კანდიდატები, ვინ ითამაშებს ახალგაზრდულში.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, არც ეროვნული ნაკრების და არც ახალგაზრდულის ინტერესები არ შეეწიროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ნაკრების წევრების ახალგაზრდულში დამატება ეტაპობრივად მოხდეს. ეს პროცესი დაწყებულია, რადგან ინგლისთან გვყავდა მამარდაშვილი, მექვაბიშვილი და აზაროვი. ნოემბრიდან ეს პროცესი განახლდება. დღეს კონკრეტულ მოთამაშეებს ვერ დავასახელებ, მაგრამ მთავარია, რომ მათი ინტეგრირება ევროპის ჩემპიონატამდე მოხდეს.

ცხრა დღეში სამი თამაში გველის და აქ ნებისმიერი მოთამაშე გამოსაყენებელი იქნება. თანაც, აუცილებლად დაგვჭირდება როტაციის პრინციპი, რადგან ყოველ მესამე დღეს თამაშებია, ადგილზე შეფასდება ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადება. ტრავმებიც არაა გამორიცხული. ამიტომ იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ. ისინი ეროვნულიდან მოსულები იქნებიან, თუ ის ბირთვი, რაც ჩვენ გვყავს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც ისაა გამორიცხული, სანიოლის ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდულის მოთამაშეები დასჭირდეს. არის რამდენიმე კანდიდატი, რომლებშიც დარწმუნებული ვარ, რომ მალე შეაღებენ ეროვნულის კარს, მაგრამ მათზეა დამოკიდებული, ეს როდის მოხდება. სანიოლს და მე კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამის მაგალითია, რომ მისი მოთხოვნით ვიყავი ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნული ნაკრების გამართულ მატჩებში“.

წყარო: 1tv.ge