The Washington Post: დონალდ ტრამპის სახლიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტები ირანსა და ჩინეთს ეხებოდა

ფლორიდაში დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკისას ამოღებული საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი ირანსა და ჩინეთს ეხებოდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post-ი წერს.

„ზოგიერთი დოკუმენტი შეიცავდა საკმაოდ მგრძნობიარე სადაზვერვო ინფორმაციას ირანისა და ჩინეთის შესახებ, მათ შორის სულ მცირე ერთი დოკუმენტი ირანის სარაკეტო პროგრამას ეხებოდა“, – აცხადებენ გამოცემის წყაროები.

მათივე მტკიცებით, ასეთი ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში შესაძლოა ცნობილი გახდეს აშშ-ის მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მეთოდები.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს, მათ შორის 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი იყო.