ბადრის და ბიძინას მიერ ქართულ პოლიტიკაში ასეულობით მილიონი ლარის “ჩადების” გამო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში – მორალური ავტორიტეტები არ არიან, ასეთს, საზოგადოებისთვის ცნობილ ერთ პოლიტიკოსსაც კი ვერ დავასახელებ! … – მოსაზრება. – ჩვენი სააგენტოს რედაქცია, რომლის წევრებსაც, განსხვავებით სხვებისგან, არასოდეს მიუღიათ ფული არც ივანაშვილისგან, არც პატარკაციშვილისგან, კატეგორიულად ემიჯნება ჯ. კირვალიძის მოსაზრებებს ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით. ბადრი პატარკაციშვილს ნამდვილად არაფერი დაუშავებია საქართველოსთვის და, საბოლოო ჯამში, მის დესააკაშვილიზაციას შეეწირა!
არც ერთ შემთხვევაში, მათ პიროვნულად ერთმანეთს არ ვადარებ, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული ტიპაჟები არიან, უბრადაც კი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, მხოლოდ ერთი თვალხილული მსგავსებაა მათ შორის, ორივე გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსეთში, სულ რაღაც 10 წელიწადში “ნაშოვნი” ფულით გახდა მილიარდერი!
აგრეთვე, ორივემ ათეულობით მილიონი ფული დახარჯა საქართველოში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, – ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით! ეს ჩანაფიქრი, – “ერთს, არ გამოუვიდა, მეორეს – კი!.. ეს პიროვნებები გახლავან”:ბადრი პატარკაციშვილი (Аркадий Шалвович Патаркацишвили) და ბიძინა ივანიშვილი (Борис Григориевич Иванишвили)! საქართველოში მეცენატობის გარდა, ბადრიც და ბიძინაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ ე.წ. “გაერთიანებული” ოპოზიციების პოლიტიკურ საქმიანობას და საპროტესტო კამპანიებს აფინანსებდნენ! ეს ფაქტი, ორივე მილიარდერმა არაერთხელ დაადასტურა, რომ “სხვადასხვა მიზეზით” – აფინანსებდნენ ხელისუფლებებსაც და ოპოზიციებსაც! თუმცა, დასაწყისში ორივე მილიარდერი საჯაროდ, ოფიციალურად უარყოფდა საკუთარი ფინანსებით პოლიტიკაში ჩარევის ბრალდებებს და ირონიული ღიმილით უარყოფდნენ პოლიტიკაში “წასვლის” სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკაში “შესაძლო წასვლის” შესახებ, გარკვეული მინიშნებები არსებობდა!
დიახ, სხვადასხვა დროს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერები აღტაცებით და სიხარულით (“ხელისფშვნეტით”!) შეხვდნენ ორივე მილიარდერის გადაწყვეტილებას “პოლიტიკაში მოსვლის” შესახებ, იმის იმედად, რომ ერთიც და მეორეც მძლავრ ფინანსურ “დახმარებას” გაუწევდა, უბრალო ენით რომ ვთქვათ – ისინი მათ ბევრ ფულს მისცემდნენ! თუმცა, ზოგიერთი ლიდერის და პოლიტპარტიის იმედი ფუჭი აღმოჩნდა, რადგან “ერთი თეთრიც” ვერ მიიღეს მილიარდერებისგან და ამიტომ, მტრად მოეკიდნენ, ანუ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადეს მათ! ბადრისაც და ბიძინასაც, ზეპარტიული სახალხო მოძრაობის ლიდერების ამპლუაში წარმოედგინათ საკუთარი თავი და მათი სურვილი იყო, რომ ქართულ საზოგადოებას ასეთებად აღექვათ ისინი! როგორც ზევით აღვნიშნე, ქართული პოლიტიკური პარტიები, მათი უცვლელი, მაგრამ ხელმოცარული ლიდერები ხაზგასმულად გამოხატავდნენ პოზიტიურ განწყობებს 2-ივე მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში “შემოსვლასთან” დაკავშირებით, ისინი დიდი ინტენსივობით, ფარულად თუ ღიად, მართავდნენ მათთან “კონსულტაციებს და წარმატებასაც” აღწევდნენ, ამის შედეგად, ზოგიერთმა მათგანმა მილიონობით ფული მიიღო, ძირითადად ფარულად, – “პარტიული საქმიანობის გასააქტიურებლად”!.. უხვად დაფინანსებული პარტიების ლიდერები არ მალავდნენ, რომ ოპოზიციისთვის, მათი კოორდინირებული მოქმედებისთვის, მილიარდერების გადაწყვეტილება პოლიტპარტიების დაფინანსების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი, მეტიც, გადამწყვეტი იყო მიზნის მისაღწევად, ანუ ამათუიმ ხელისუფლების შესაცვლელად!
თავის მხრივ, “მადლიერების ნიშნად”, მილიარდერების მიერ დაფინანსებული პოლიტპარტიების ლიდერები ქება-დიდებას “აღავლენდნენ” ორივეს მიმართ, მრავალმხრივი ეპითეტებით ამკობდნენ და ყველანაირად წარმოაჩენდნენ მათ პიროვნულ თვისებებს, როგორც ქველმოქმედი, ქვეყნის პატრიოტი და დემოკრატი საზოგადო მოღვაწეებისა!…
ბადრის და ბიძინას მიერ დაფინანსებული პოლიტპარტიების ლიდერები, მასმედიაში და მრავალრიცხოვან მიტინგებზე სიტყვით გამოსვლის დროს, მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ქველმოქმედი მილიარდერები ყველანაირად იზიარებენ პოლიტოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს, რომლებიც ეხებოდა: ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევის, რეალური თვითმმართველობის ფორმირების, თავისუფალი ბიზნესის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს!
ბადრიც და ბიძინაც, მუდამ აპელირებდნენ “ქართველი ხალხის კეთილ ნებაზე” და “უერთდებოდნენ ხალხის ნებას”, – როგორც საქართველოს “რიგითი მოქალაქეები”! ამავდროულად, უხვად დაფინანსებული პოლიტპარტიების ლიდერები მუდამ ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ბადრის და ბიძინას მიერ რუსეთში “ნაშოვნი ფული” – აბსოლუტურად ლეგალური იყო და ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან არალეგარული, “შავი” ფულის შემოდინებას, ფულის “გათეთრებას” არ დაუშვებდნენ”! და ბოლოს, საყურადღებო და საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს პატარკაციშვილმაც და ივანიშვილმაც “ერთნაირი შინაარსის გზავნილით” მიმართეს და აუწყეს ქართველ ხალხს, რომ – “ისინი იძულებულები გახდნენ შემოსულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში”!…
პ.ს. პიროვნულად არც ერთს არაფერს არ ვერჩი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბადრი და ჯანმრთელად ბიძინა, მაგრამ, 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის თვალსაზრისით, ნებსით თუ უნებლიედ, მათ მიერ ქართულ პოლიტიკაში ასეულობით მილიონი ლარის “ჩადების” გამო, – ქართულ პოლიტიკაში ისედაც რეპუტაცია შელახული “მოღვაწე” პოლიტჯგუფები და მათი ლიდერები – “პოლიტიკურად გაირყვნა”, მორალური პრინციპები გაითელა, ფულმა იმძლავრა ზნეობაზე და შედეგად, 20-22 წლის გასვლის შემდეგ ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში – მორალური ავტორიტეტები არ არიან, ასეთს, საზოგადოებისთვის ცნობილ ერთ პოლიტიკოსსაც კი, ვერ დავასახელებ!…
ჯუმბერ კირვალიძე – პოლიტოლოგი – დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
წყარო: guardian.ge