ბრიტანეთს სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი აქვს და წინ კატასტროფული ზამთარი ელის

ზურაბ გურული – “ბრიტანეთს სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი აქვს და წინ კი პოტენციურად კატასტროფული და მძიმე ზამთარი; ასეთივე ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც”.

როგორც გაირკვა, BBC-ის სპეციალური საიდუმლო მესიჯები შეუმუშავებია ზამთრისათვის; ვინაიდან სულ უფრო რეალური ხდება ინგლისის „ჩაბნელება“ ყველაზე ცივ დღეებში, გაზით მომარაგების შეწყვეტის გამო. და რადგანაც ამ დროს გაითიშება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ბრიტანეთის ელექტროსისტემით სარგებლობს, ტელეფონები, ინტერნეტი, საბანკო სისტემა, შუქნიშნებიც კი, ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე რადიოებით იქნება შესაძლებელი. არავინ იცის ზუსტად, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი კრიზისი. ვარაუდობენ, რომ არაუმეტეს 48 საათისა.

ბრიტანეთის ეროვნულმა ელექტროსისტემამ გამოსცა სპეციალური გაფრთხილება, რომ რუსეთიდან გაზით მომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში დენით მომარაგება ყოველდღე შეფერხდება მინიმუმ 3 საათით, როგორც ვარაუდობენ, საღამოს 4-დან 7-მდე და ეს მოხდება იანვრისა და თებერვლის ყველაზე ცივ დღეებში.

ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში სერიოზული კრიზისია. პრემიერ-მინისტრი ტრასი აბსოლუტურად არაკომპეტენტური გამოდგა. მან მხოლოდ 45 დღე გაძლო თანამდებობაზე. მისი ფინანსური პოლიტიკა იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა, რომ სულ რამდენიმე დღეში განვითარდა ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში; ბრიტანულმა გირვანქამ გაუფასურება დაიწყო და ბანკებს მილიარდების გაცემა მოუწიათ სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამას ჯერ მისი ფინანსთა მინისტრის კვასი კვარტენგის გადაყენება მოჰყვა, მერე კი შინაგან საქმეთა ენაგრძელი მინისტრის – სუელა ბრეივერმანის. ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ მომავალი პრემიერი შეძლებს კონსერვატორთა პარტიის გაერთიანებას და არც იმის შანსია, რომ უახლოეს მომავალში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. კონსერვატორებში დაახლოებით 350 პარლამენტარია. პრემიერობის კანდიდატმა მინიმუმ 100 პარლამენტარის ხმა უნდა მოიპოვოს ლიდერობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 3 კანდიდატი იბრძოლებს ამისათვის. როდესაც საბოლოოდ მხოლოდ 2 კანდიდატი დარჩება, პარლამენტარები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ კენჭისყრას და 28 ოქტომბერს გვეცოდინება ახალი პრემიერის სახელიც. თუ მხოლოდ ერთი კანდიდატი მოახერხებს 100 პარლამენტარის მხარდაჭერის მოგროვებას, მაშინ ის ავტომატურად გახდება პარტიის ახალი ლიდერიც და პრემიერიც. ცხადია ამის შანსი ბორის ჯონსონსაც აქვს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ერთხელ უკვე დაწუნებული ლიდერი მეორედ ნდობის მოპოვებას, არავინ იცის. ასეა თუ ისე, ბრიტანეთს სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი აქვს და წინ კი პოტენციურად კატასტროფული ზამთარი.

ასეთივე სერიოზული პოლიტიკური კრიზისია ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტ ბაიდენის პოპულარობის პროცენტი რეკორდულ მინიმუმამდე, 40%-მდე დაეშვა. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი, ფასების მკვეთრი ზრდა და მიგრანტთა უკონტროლო მასები ამერიკელთა ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს ყველა გამოკითხვის მიხედვით და სოციალურმა პრობლემებმა, როგორიცაა აბორტის აკრძალვა და ა.შ., მეორე პლანზე გადაინაცვლა. რესპუბლიკელებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს სერიოზული უპირატესობა ეძლევათ ამ თვალსაზრისით ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. ისინი უკვე ემზადებიან კონგრესსა და სენატში უმრავლესობის მისაღებად, რაც არსებითად შეცვლის ბევრ მიმართულებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდნენ სენატის რესპუბლიკელთა ლიდერი მიტჩ მაკკონელი და კონგრესის რესპუბლიკელთა ლიდერი – კევინ მაკარტი. მაკკონელი აშკარა პრო-უკრაინელია, მაკარტი კი გამოკვეთილი ანტი-უკრაინელი; იგი ეწინააღმდეგება უკრაინისათვვის მრავალმილიარდიანი დახმარებების გაგრძელებას და თუ ნოემბრის არჩევნების შემდეგ სპიკერი გახდება, დიდი ალბათობით მოახერხებს ამ პროცესის დამუხრუჭებას. მაკკონელი ცხადია არ დათმობს თავის პოზიციებს. იგი დიდი სიმპათიით არის განწყობილი ზელენსკის მიმართ და აუცილებლად შეებრძოლება მაკარტის. საუბედუროდ, მაკარტის შესაძლოა ისეთი მძლავრი და გავლენიანი მოკავშირეები გამოუჩნდეს, როგორებიცაა ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი და მილიარდერი მასკი. „ხმა ერისა, ხმა ღვთისა“ – დატვიტა დღეს დილით ილონ მასკმა. არავინ იცის ზუსტად რას გულისხმობდა ამ მესიჯში მასკი, მაგრამ დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ამერიკელებში მკვეთრად მზარდ გულგრილობას.

როგორც ხედავთ, უკრაინის მთავარ მხარდამჭერ ორ უძლიერეს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური პრობლემებია. ზამთარი და მცოცავი ეკონომიკური კრიზისი ამ განხეთქილებას კიდევ უფრო გააღრმავებს. არავინ იცის რა პროცესები განვითარდება საფრანგეთსა და გერმანიაშიც. რუსული დაზვერვა ყველა გზით შეეცდება არეულობის და ქაოსის შეტანას მასშტაბური დივერსიებით. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ დროისათვის მოახდენს პუტინი უკრაინაზე ახალი შეტევის ორგანიზებას. მანამ კი მაქსიმალურად შეეცდება დროის გაყვანას.

ენერგეტიკული კრიზისი და საბოტაჟი შესაძლოა საქართველოსაც ძალიან მწვავედ შეეხოს. მითუმეტეს, რომ ჩვენი მთავრობის “ბრძნული და შორსმხედველი“ სტრატეგიის წყალობით მაქსიმალურად ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკულ სისტემაზე. ამ დღეებში ძნელია არ გავიხსენოთ კოალიცია „ოცნების“ ენერგეტიკის პირველი მინისტრი და მისი პირადი წვლილიც ამ “საშვილიშვილო“ საქმეში. დიდი ალბათობით ზამთარშიც არაერთხელ გავიხსენებთ…

თუმცა ამჟამად ყველა პატიოსანი პატრიოტის ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული. რუსული დაზვერვის მთავარი ამოცანა ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ფიზიკური მოსპობა და მის გარემოცვაში განხეთქილების შეტანა იქნება. იმედია უკრაინა ამ გამოცდასაც წარმატებით გაუძლებს.

ვნახოთ. წინ ძალიან დაძაბული და საშიში ზამთარია …

 

ზურაბ გურული – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

წყარო: guardian.ge