“კვარა” საოცრად შედეგიანად თამაშობს, უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე “ნადირობა”

60 წლის წინ, 1962 წლის 17 ოქტომბერს, ნონა გაფრინდაშვილი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

სწორედ ქართული ჭადრაკის ჰეგემონიის საწყის ამ თარიღს მიეძღვნა ღონისძიება, რომელსაც ნონას სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. იქვე გაიმართა პრეზენტაცია იუბილესადმი მიძღვნილი წიგნისა “დედოფალი”, რომლის ავტორ-შემდგენელი ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა. წიგნსა და უამრავ თბილ სიტყვასთან ერთად, ღონისძიების მთავარმა გმირმა საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მაისურიც მიიღო. გარდა ამისა, სექტემბრის დამდეგს ცნობილი გახდა, რომ “ნეთფლიქსთან” ნონა გაფრინდაშვილის დავა შეთანხმებით დასრულდა! “ჭადრაკის დედოფალთან” ინტერვიუ საიუბილეო ღონისძიებაზე ლაპარაკით დავიწყეთ:

– ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან თბილი საღამო მოაწყო – იყო წიგნის პრეზენტაცია, საჩუქრები, ბევრი თბილი სიტყვა… რაც შეეხება 60 წლის წინანდელ გამარჯვებას, პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია. საჩემპიონო შეხვედრაში ბიკოვას დამარცხების შემდეგ, მოსკოვი-თბილისის გზაზე საოცრებები ხდებოდა: საქართველოს ყველა სადგურზე უამრავი ადამიანი მეგებებოდა. რა დამავიწყებს იმ სიხარულსა და სითბოს?! ამაყი ვარ იმ წლებით, იმ თაობით. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, მაგრამ საქართველო ბრწყინავდა ყველა სფეროში – მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში… იმდროინდელი ჯილდოები უმნიშვნელო იყო, ჩვენი მთავარი მონაგარი ხალხის სიყვარული გახლდათ და ეს დღემდე გრძელდება. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორებსა და წიგნის ავტორებს თბილი, გემრიელი საღამოსთვის.

– 80 წლის იუბილეზე საჩუქრად მიიღეთ ლიონელ მესის მაისური მისი ავტოგრაფითა და წარწერით: “ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!” თუმცა არანაკლებ გაგახარებდათ ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მაისურიც, რომელიც ახლახან საიუბილეო საღამოზე გადმოგცეს…

– მესის მაისურისგან განსხვავებით, ხვიჩას ფორმას წარწერა აკლია – როცა თბილისში დაბრუნდება, ავტოგრაფს მაშინ დამიტოვებს. სხვათა შორის, სწორედ დღეს მოვისმინე, რომ კვარაცხელია უკვე დასახელდა 2023 წლის “ოქროს ბურთის” 20 სავარაუდო პრეტენდენტს შორის! მანამდე დიდი დროა, მაგრამ თუნდაც ამაზე ლაპარაკი უკვე ფანტასტიკური აღიარებაა ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომელიც არც წლევანდელ მუნდიალზე ითამაშებს და საერთოდაც, ევროპულ ფეხბურთში სულ ახლახან გამოჩნდა. არადა, ხვიჩა მართლაც სასწაულებს აკეთებს. “ბოლონიასთან” მატჩში საოცარი გადაცემებით დაგვამახსოვრა თავი. “ნაპოლის” თამაშიც ძალიან მომწონს. ხვიჩას ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ კარგ გუნდში მოხვდა და ორგანულად შეუერთდა ახალ კოლექტივს. ნეაპოლელები დაუმარცხებლად აგრძელებენ თამაშს (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ოქტომბერს – რ.შ.) სერია ა-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც და რაც მთავარია, ლამაზ, ლაღ ფეხბურთს თამაშობენ!

– ყველაფერზე მეტად ჩვენ ის გვიხარია, რომ წარმატებული სერიის ერთ-ერთი შემოქმედი კვარაცხელიაც არის.

– “კვარა” პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და ამიტომ… შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა – ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე “ნადირობა”, მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ “კვარა” სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და “ბოლონიასთან” საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა.

– საქართველოს ნაკრების თამაშიც მოგწონთ?

– ძალიან იმედიანად ვარ! ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ, რაც ნიშანდობლივიც არის და ძალიან სასიამოვნოც. ისიც მომწონს, რომ ეროვნულ ნაკრებში უკვე კონკურენციაა თითქმის ყველა სათამაშო პოზიციაზე. სანიოლის მუშაობითაც კმაყოფილი ვარ: დისციპლინა და სიმკაცრე ყველას სჭირდება. სხვათა შორის, ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვებზე მეტად!

– საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვარგუნა წილისყრამ “ევრო-2024”-ის შესარჩევ ეტაპზე. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს საქართველოს ნაკრების რეალური ძალა.

– ჩვენმა გუნდმა მოუმატა და კიდევ გაძლიერდება. ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც ერთა ლიგაზე გვყოლია, ასე რომ, ჩვენი მოთამაშეები კარგ ფსიქოლოგიურ კონდიციაში არიან, თავდაჯერებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

– რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თქვენთან ერთად ლონდონში გადაღებული ფოტო და მიაწერა, რომ ინსპირაციის ნამდვილი წყარო ხართ. იქვე ჯანსაღი ნერვული სისტემის მაგალითად მოიყვანა ფრაზა, რომელიც მამაკაცი მეტოქისგან მოგისმენიათ: “ნონა, შენ ჭადრაკში ჩვენზე უკეთესი არა ხარ, უბრალოდ, ღამით უკეთესად გძინავს”…

– ლონდონში ოქტომბრის დამდეგს ვიყავი – ქართული ფილმების ფესტივალზე. იქ ვნახე ქეთიც და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის არაჩვეულებრივი წარმომადგენლებიც. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ ფრაზას, როცა ეს მოვისმინე, მამაკაცების წინააღმდეგ თამაში ახალი დაწყებული მქონდა. ნაწილობრივ, მართალიც არის – ჭადრაკში, რომელსაც უდიდესი ენერგია მიაქვს, სრულფასოვანი დასვენება აუცილებელია. არადა, ხშირად, პირიქით იყო – მამაკაცები 2-3 ყაიმს სულ აკეთებდნენ და ერთმანეთს დასვენების შესაძლებლობას აძლევდნენ, მე კი ბოლომდე ვთამაშობდი. თუმცა მომდევნო წლიდან უკვე ყველამ ნახა ჩემი შესაძლებლობები.

– ინგლისში სტუმრობა ვახსენეთ და, აუცილებლად უნდა გკითხოთ ეპოქაზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. რას იტყვის “ჭადრაკის დედოფალი” ბრიტანეთის ყოფილ დედოფალზე?

– ბრიტანელები უაღრესად კონსერვატიული ხალხია, ელისაბედ II ძალიან უყვარდათ და დიდი პატივიც მიაგეს გარდაცვლილ მონარქს. სამწუხაროდ, დედოფალთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მომცემია. ლონდონში ერთხელ წავედი ტურისტად (სათამაშოდ, ძირითადად, ჰასტინგსში ჩავდიოდით) – 1966 წლის მუნდიალის ფინალურ თამაშებზე დასასწრებად. იმ დროს ადვილი არ იყო საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლა, თუმცა მე საგზური მომცეს. ძალიან კარგი ჯგუფი იყო საქართველოდან, ჩვენთან ერთად იყო ეროსი მანჯგალაძეც. ლონდონის ცენტრში ერთ-ერთი სეირნობისას კი შევხვდით “სუხიშვილების” მოცეკვავეებს, რომლებსაც სწორედ იმ დღეებში ჰქონიათ კონცერტები.

– თქვენს პატივსაცემად სუნამო (“დედოფალი ნონა”) რომ გამოუშვეს, ცნობილი ამბავია. კიდევ რა იყო თქვენი სახელობისა?

– სუნამოს ერთადერთი ნაკლი ჰქონდა – სახურავი კარგად არ იხრახნებოდა და ჟონავდა ხოლმე, თორემ ვიზუალურადაც და არომატითაც საკმაოდ კარგი იყო. სუნამოს გარდა, იყო ვარდი, სახელად “ნონა”, ასევე, ვაშლი. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვისი გამოყვანილი ჯიშები იყო და დღეს არსებობს თუ არა.

– შარშანდელ წერილს, რომე­ლიც­ Netflix-ის წინააღმდეგ თქვენს სარჩელს ეხებოდა, სათაურად დავარქვი “დედოფლის გამბიტიდან ნონას ენდშპილამდე”, რადგან მჯეროდა, რომ ათასობით საჭადრაკო პარტიის მსგავსად, ამ საქმესაც წარმატებით მიიყვანდით ბოლომდე! ვიცი, რომ შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და დეტალებს არც გეკითხებით. მხოლოდ ის მითხარით, კმაყოფილი ხართ ამ საქმის ასეთი დასასრულით?

– ეს თემა დახურულია და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ისედაც ყველასთვის ცხადია – შეთანხმება აღიარებას ნიშნავს! სწორედ ეს იყო მთავარი. ეს შედეგი პრეცედენტია რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, რომ არ შეიძლება რეალური ფაქტების დამახინჯება “სიტყვის თავისუფლებაზე” აპელირებით! ვერ განვმარტავ შეთანხმების პირობებს, თუმცა, ფაქტია, რომ თქვენი წერილის სათაურმა გაამართლა (იცინის). კმაყოფილი ვარ, რომ ეს თემა დაიხურა და წლების განმავლობაში არ “გაიწელა”. არადა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჰოლივუდის მახლობლად კალიფორნიის სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ წარმატების შანსი გვექნებოდა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, პროცესს ჰოლივუდშიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს.

– სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, თქვენმა სარჩელმა მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია იმხელა გამოხმაურება, რომ თუ ვინმემ არ იცოდა, მათაც გაიგეს, რომ ნონა გაფრინდაშვილს რუსეთთან არაფერი აკავშირებს და კარიერის განმავლობაში წარმატებით უთამაშია უამრავი მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ!

– სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში რუსები პატიოსნად მოიქცნენ და თვითონაც გააპროტესტეს ფაქტების დამახინჯებით წარმოჩენა. პირველმა ხმა ანატოლი კარპოვმა ამოიღო – ფილმის შინაარსით გაოცებული ვარ, რადგან ყველამ იცის, რომ ნონა მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც წარმატებით თამაშობდა, თანაც, ყოველთვის ამაყობდა ქართველობით, რუსი არასდროს ყოფილაო! ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული მხარდაჭერა და დადებითი გამოხმაურებები იყო. არც ვაპირებდი სარჩელის შეტანას, მაგრამ როცა გავიგე, რომ პრემიერიდან ორი კვირის განმავლობაში ფილმი 66 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა, ძალიან გავბრაზდი – რატომ უნდა მოეტყუებინათ მილიონობით ადამიანი? სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე სამართლებრივი ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად.

“კვირის პალიტრა”