Reuters: რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ბრიტანეთის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიში სუნაკი მეფე ჩარლზს ხვალ შეხვდება, რის შემდეგაც სიტყვით გამოვა ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციის გარეთ.

42 წლის სუნაკი თანამედროვე ისტორიაში ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდება. დევიდ კამერონი 43 წლის იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა.

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. იგი მთავრობის მეთაურად მხოლოდ 45 დღის განმავლობაში მუშაობდა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.