სალმან რუშდიმ თავდასხმის შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა და ხელს ვეღარ ამოძრავებს

სალმან რუშდიm აგვისტოში, ნიუ-იორკში თავდასხმის შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ასევე ნერვის დაზიანების გამო ერთ ხელს ვეღარ ამოძრავებს, – ამის შესახებ მისმა ლიტერატურულმა აგენტმა, ენდრიუ უაილმა ესპანურ გამოცემა El Pais-თან ისაუბრა.

წარმოშობით ინდოელ, ინგლისურენოვან მწერალს ნიუ-იორკში თავს 12 აგვისტოს, ლექციის წინ დაესხნენ და დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. რუშდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა კი მწერალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის ჰადი მატარი დააკავეს, რომელმაც ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა.

ავტორის ლიტერატურული აგენტის თქმით, სალმან რუშდის ყელის არეში სამი სერიოზული ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გარდა ამისა, კიდევ 15 ჭრილობა – გულმკერდსა და სხეულის სხვა ადგილებში.

1988 წელს „ეშმაკეულ აიების“ გამოქვეყნების შემდეგ, რასაც მუსლიმური სამყაროს დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, სალმან რუშდი თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. რომანი, ნაწილობრივ, წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებას ეხება, ამავდროულად, ავტორი მასში თანამედროვე მოვლენებს იყენებს და პერსონაჟების შესაქმნელად მაგიურ რეალიზმს მიმართავს.

მუსლიმებმა რუშდი ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.