აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა.
აშშ-მა ორ მოლდოველ ოლიგარქს, ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორს, კორუფციული ქმედებებთან და მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა.
კერძოდ, აშშ-მა დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციულ ქმედებებში.
– “აშშ განაგრძობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირების, ანგარიშვალდებულების გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის გაძლიერებისკენ მიმართული მოდლოვის ძალისხმევის მხარდაჭერას” – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლოდვის პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მანიპულირებდა მოლოდვის ხელისუფლების საკვანძო, მათ შორის სამართალდამცავი, საარჩევნო და სასამართლო სექტორებით. რაც შეეხება, ილან შორს, ის ისრაელში ცხოვრობს და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის ფარგლებში. მისი მომხრეები უკვე მეექვსე კვირაა მოლდოვაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს მართავენ.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაისა სანდუს განცხადებით, შორი ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის ძირის გამოთხრას.
– “მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხელს უწყობს კორუმპირებული მაღალჩინოსნების დასჯას. ვიმედოვნებ, რომ ეს სანქციები იქნება მაგალითი მოლდოვის სასამართლო სისტემისთვის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს, კორუფციულ დევნას, პლახოტნიუკისგან, შორისგან და სხვა კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან ფულის დაბრუნებას აჭიანურებს და საბოტაჟს აწყობს” – განაცხადა სანდუმ.
წყარო: 1tv.ge