„ბინძურ ბომბებთან“ დაკავშირებით რუსეთის ბრალდების საპასუხოდ, საერთაშორისო ატომური სააგენტო უკრაინის ორ ობიექტზე ინსპექტორებს გაგზავნის

„ბინძურ ბომბებთან“ დაკავშირებით რუსული ბრალდების საპასუხოდ საერთაშორისო ატომური სააგენტო უკრაინის ორ ობიექტზე ინსპექტორებს გაგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელსაც მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით კიევმა მიმართა.

რაფაელ გროსი ასევე ამბობს, რომ სააგენტომ ერთი თვის წინ უკვე ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ უკრაინულ ობიექტზე და დაფარული ბირთვული აქტივობა ან ბირთვული მასალები არ აღმოუჩენია.

„საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები დამოუკიდებელ შემოწმებას ჩაატარებენ იმ ორ ობიექტზე, რომლებიც გასულ უქმეებზე იყო ნახსენები, როგორც ადგილები, სადაც სავარაუდოდ რადიოლოგიური ხელსაწყოების დასამზადებლად ბირთვული მასალის გადამისამართება ხდება. ამასთან, კიდევ ერთხელ გავაკონტროლებთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დაცვითი ზონის შექმნის შესახებ გაცემული ინსტრუქციის შესრულებას. ის პროგრესირებს, თუმცა, არც ისე სწრაფად, როგორც სასურველია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვაპირებთ მეტი სააგენტოს, მეტი ექსპერტის განთავსებას უკრაინის სხვა ობიექტებში – რივნეში, მარიინსკის, სამხრეთ უკრაინასა და ჩერნობილში“, – განაცხადა გროსიმ.