საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, დიდ დღესასწაულებზე კი, აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო.
ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე.
„მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“,- განაცხადა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ.