სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, სისტანი და ბელუჯისტანის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზაჰედანში, ანტისამთავრობო გამოსვლებისას, უშიშროების ძალების წარმომადგენლებსა და შეკრებილებს შორის კვლავ შეტაკებები იყო, – ამის შესახებ BBC წერს.
სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევს მომხდარი დაპირისპირებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
BBC-ს ქალაქიდან გაუგზავნეს ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორაა შენობების იატაკები სისხლით დასვრილი, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „სიკვდილი ხამენეის“ (ალი ჰოსეინი ხამენეი – ირანის სულიერი და სახელმწიფო ლიდერი).
ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება – მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.