გვესმის, ოპოზიციამ რატომ დაიხია უკან, მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უყრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი და შემდეგ შიგნით დაიწყო კონფლიქტური პროცესები, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა პრობლემები შეიძლება, პარტიულ შავ დაფინანსებას შეუქმნას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიციამ ტონი შეცვალა და უკან დაიხია.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თავიდან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და იმუქრებოდა, დღეს ტონი შეცვალეს და უკან დაიხიეს. არათუ კანონპროექტის განხილვაში არ მონაწილეობენ, არამედ თურმე, კანონის მიღება საჭირო აღარ არის. ჩამოყალიბდნენ, ამ ცვლილებების მიღებას დაუჭერენ თუ არა მხარს. ოპოზიციური პარტიები შეტევაზე იყვნენ გადმოსული, რომ მათ ერთადერთი მოთხოვნა და მოლოდინი ჰქონდათ, რომ პარლამენტს მიერ მიღებულ კანონში მხოლოდ სახელი და გვარი ყოფილიყო ჩაწერილი. ეს არის მათი პოლიტიკური ტრავმა, მათ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ იმის გამო, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რადიკალური ოპოზიცია გაისტუმრა ხელისუფლებიდან არჩევნებით და მშვიდობიანად იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ. წლებია, ამას რადიკალური ოპოზიციის მთავარი სურვილი – პოლიტიკური შურისძიება მოჰყვება და ამ კანონშიც დაინახეს საშუალება, რომ როგორმე, პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინათ, თუმცა მათ ძალიან მოკლევადიანი და ზედაპირული გათვლები ჰქონდათ, რადგან მსოფლიოში არ არსებობს კანონი, რომელშიც მხოლოდ სახელი და გვარია წერია და მხოლოდ ორ-სიტყვიანია. გვესმის, ოპოზიციამ რატომ დაიხია უკან. მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი და შემდეგ შიგნით დაიწყო კონფლიქტური პროცესები, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა პრობლემები შეიძლება პარტიულ შავ დაფინანსებას შეუქმნას. ამიტომ, ვიღაცამ, ვინც ეს საფრთხე დაინახა, პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციას ჯოხი დაუქნია და უთხრა, მაგ საკითხს თავი დაანებეთო“, – განაცხადა თალაკვაძემ.