არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტების რეაქცია იმაზე, რომ ელენე ხოშტარია დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, ნულია

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტების რეაქცია იმაზე, რომ ელენე ხოშტარია დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, ნულია, თუმცა ისინი მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ თითქოს, სადღაც პოლიტიკაში რუსული ფული ტრიალებს.

მედიასთან საუბრისას თალაკვაძემ არასამთავრობო სექტორი აღნიშნული ორმაგი სტანდარტებისთვის გააკრიტიკა.

„ეს მიუთითებს სუბიექტურ დაინტერესებასა და მიკერძოებაზე, როდესაც პირდაპირ ფაქტები ნახა საზოგადოებამ, რომ ოპოზიციის ამ ყველაზე აქტიურ წარმომადგენელს რუსეთიდან ერიცხება ხელფასი და დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, ამაზე არის ნული რეაქცია, არც კი შეიმჩნიეს და ამ დროს იქ, სადაც ასეთი საკითხები არ არსებობს, მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ თითქოს, სადღაც რუსული დაფინანსებაა და სადღაც რუსული ფულია პოლიტიკაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პოლიტიკური ფინანსები საქართველოში, დაფინანსების წყაროები და რუსული ფული – ეს ის საკითხებია, რომლებზეც მესამე სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციასთან ერთად დღეს დისკუსიას მართავდნენ. მიუხედავად თემის შინაარსისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ელენე ხოშტარია ვერ მოხვდა, თუმცა „დროას“ ლიდერი, თავად არ მალავს, რომ მისი ოჯახი რუსულ რუბლებს იღებს, მმართველი გუნდის მტკიცებით კი, ამ ფულით ხოშტარიას პარტია ფინანსდება.