არავითარი დოკუმენტი პატრიოტთა ალიანსის რუსული დაფინანსების შესახებ არასდროს არ არსებობდა, არ არსებობს და არ იარსებებს მომავალშიც! – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის საპასუხოდ აცხადებს.
“ეკა გიგაურს ვპასუხობ. არავითარი დოკუმენტი პატრიოტთა ალიანსის რუსული დაფინანსების შესახებ არასდროს არ არსებობდა, არ არსებობს და არ იარსებებს მომავალშიც! ნაცმოძრაობის მეგობარმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კომპუტერზე დახატა ცხრილი, რომელიც ძალიან ჰგავდა ამერიკული სტანდარტის საგრანტო ცხრილს. რაც მთავარია, ამ ცხრილში პატრიოტთა ალიანსი ნახსენებიც კი არ იყო. სასაცილო პუნქტები იყო ჩამოთვლილი: სუვენირების და ბროშურების დამზადება, სიმღერის ფესტივალი და ა.შ. ეს ცხრილი გამოდეს ინტერნეტში და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უბრალოდ, განაცხადეს, რომ ცხრილი, თურმე, პატრიოტთა ალიანსს ეხება. ამასთან, არავითარი მტკიცებულება არც მაშინ, არც შემდეგ არავის არ წარმოუდგენია. უბრალოდ, ააგორეს შავი პიარ-კამპანია. ბოლოს გაირკვა, რომ არც სუვენირები, არც ფესტივალები და არაფერი მსგავსი პატრიოტთა ალიანსს არჩევნებისას არ განუხორციელებია, არც მსგავსი თანხები არ დახარჯულა ანუ ყველაფერი შავი პიარ- ტყუილი იყო, მაგრამ ბოდიში არავის მოუხდია. ეკა გიგაურის დღევანდელი განცახდება არის სრული უზნეობა და უსინდისობა და მე ვითხოვ მისგან რაიმე მტკიცებულებას (1% მაინც დაამტკიცოს). თუ არა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.
P.S. ათი წუთი მჭირდება, რომ ზუსტად ასეთი ცხრილი დავხაზო, ინტერნეტში გამოვდო და შემდეგ, უსაფუძვლოდ განვაცხადო, რომ ეკა გიგაურს რუსეთი აფინანსებს. აი, ამას ეკა გიგაურის გონება ხვდება?” – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.