ნინო დოლიძე: ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ისინი ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. მისი თქმით, მათი ინტერესის სფეროა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, თუმცა, არ ფლობენ ინფორმაციას, რომ ხოშტარიას პარტია რუსული ფულით ფინანსდება.

„ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენს ინტერესს იწვევს ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა არ დაგვინახავს ის რისკები, რომ ფულს იღებს რომელიმე პარტია, ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას პარტია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ოპოზიციასთან ერთად, დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროებსა და რუსულ ფულთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს. მიუხედავად თემის შინაარსისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ელენე ხოშტარია ვერ მოხვდა, თუმცა „დროას“ ლიდერი, თავად არ მალავს, რომ მისი ოჯახი რუსულ რუბლებს იღებს. მმართველი გუნდის მტკიცებით კი, ამ ფულით ხოშტარიას პარტია ფინანსდება.