საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის, პოლიტპატიმარ კაკო შუბითიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ დადგენილების გამოტანის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კაკო შუბითიძე 2008 წლიდან იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიის მარნეულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. იგი პერიოდულად, აქტიურად ერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის ჩართული იყო 2011 წლის მაისის თვეში, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებში.
2011 წლის 26 ივნისს, მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, კაკო შუბითიძე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და გადაყვანილი იქნა ექსპერტიზაზე ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით. დაკავებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, მარნეულის შს რაიონული სამმართველოს შენობაში მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ 8 გრამის ოდენობით.
2011 წლის 29 აგვისტოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით კაკო შუბითიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახით შეეფარდა პატიმრობა.
2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კაკო შუბითიძე აღიარებულ იქნა პოლიტპატიმრად, რის შემდეგაც მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მომჩივნის, კაკო შუბითიძის საქმის სასამართლოში განხილვა არ იყო სამართლიანი და შესაბამისად ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში კაკო შუბითიძის საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი გამოძიება, დადგინდა სრულიად ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დასტურდება კ.შუბითიძის უდანაშაულობა. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ კაკო შუბითიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით და რომ მისი დაკავება სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა.
2022 წლის 31 ოქტომბერს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილებები კაკო შუბითიძის დაზარალებულად ცნობის, ასევე მის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში უფლების არსებითი დარღვევის ფაქტების დადგენის შესახებ. შესაბამისად პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარსდგება კაკო შუბითიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით.
გარდა აღნიშნულისა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენი იქნა დადგენილი ყოფილი მსჯავრდებულის სიმონ გაბრიელაშვილის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით, სიმონ გაბრიელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ბინა (მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი), როგორც დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიღებული ქონება. განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, 2007 წელს, სიმონ გაბრიელაშვილმა დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – მინდობილობა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი ა.გ.-ს პირველი რიგის მემკვიდრის მეუღლის ე.გ.-ს მიერ გაბრიელაშვილს მიენიჭა გარკვეული უფლებები, მათ შორის თბილისში, ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების განკარგვის უფლება. შედეგად, მან მოტყუებით მოიპოვა ქონებრივი უფლება ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე. ქონების უკანონო წარმოშობის დაფარვისა და მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონება გააფორმა დ.კ.-ს და თ.რ.-ს სახელზე. შემდგომ პერიოდში, სიმონ გაბრიელაშვილმა, დ.კ.-ის მეშვეობით, ამ უკანასკნელი