“არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა… არის ერთი წყევლა-კრულვა იქიდან და აქედან – ხარხარი და ხვეწნა…”

“ეზოში შემოვიდნენ ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე, მთელი ღამის ქეიფი სახეზე ეხატა ორივეს… როგორც იქნა, გაიღო ფანჯარა და… მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო, თორემ მილიციას დავუძახებო – ფანჯარაში დიდი სესილია თაყაიშვილი იდგა”.

თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სესილია თაყაიშვილთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” პირად გვერდზე ერთ ამბავს აზიარებს, რომლსთვისაც სოციალური ქსელის მომხმარებელს უხდის მადლობას – “ამ თბილისური მოგონებისთვის მადლობა ქართლოს მარჯანიძეს”…

“სესილია!!!

ბარნოვის ქუჩაზე დავდიოდი სამეცადინოდ რეპეტიტორთან, სკოლის დამთავრების შემდეგ, 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი გეგეშიძის ბაღის უკან რომ კორპუსია იქ, ბარნოვის 142 ნომერია, მახსოვს დღესაც. ლექტორი მერე უნივერსიტეტში მიდიოდა ლექციებზე და ამიტომ დილით მიბარებდა ხოლმე, ერთხელაც მესამე თუ მეოთხე მეცადინეობაზე მივდივარ, ადრე მომივიდა მისვლა, მცხეთიდან დავდიოდი, ძალიან ადრე, დილაბნელზე გამოვდიოდი სახლიდან, ხან ადრე მიწევდა მისვლა და ხომ არ დავადგებოდი იმ პატიოსან ხალხს საწოლში თავზე ?!… ხუმრობა ხომ არაა, ოჯახში ერთი აკადემიკოსი, ერთი პროფესორი და ერთი მეცნიერებათა კანდიდატი ცხოვრობდა.

კორპუსის ეზოში ბესედკა იყო, იქ ვიცდიდი ხოლმე 9 საათამდე და იმ დილითაც იქ ჩამოვჯექი, ვეწევი ჩემთვის, ვფიქრობ, ივანე მრისხანეზე და ოპრიჩნინაზე… ამ დროს გავიხედოთ და ეზოში შემოვიდნენ ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე, მთელი ღამის ქეიფი ეხატა სახეზე ორივეს, შემოდგომაა, ე.წ. “პლაშების” სეზონია, კარგად მახსოვს თენგიზს თეთრი ეცვა, ზურას – შავი. 1980 წელია, დავინახე ეს ლეგენდა ხალხი ასე ახლოს და რაღაცნაირმა გრძნობამ ამიტანა, პირი გამიშრა და ხელები დამიბუჟდასავით, ჩემგან სამ მეტრში იდგნენ.

აი, იმ კორპუსს პირველი სართული კი ეზოს მხრიდან დაბალი აქვს, ასე ერთ მეტრზე იქნება ფანჯრები მიწიდან.მიადგნენ ერთ ფანჯარას და ერთმანეთს ეუბნებიან – არა შენ დააკაკუნე, არა – შენო, ბოლოს ორივემ ერთად დააკაკუნა, დაჭიმულივარ მშვილდივით, მაინტერესებს, რა მოხდება, ვინ გააღებს ფანჯარას, ამასობაში როგორც იქნა გაიღო ფანჯარა და: მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო თქვენ, თორემ მილიციას დავუძახებ ახლავეო – ფანჯარაში დიდი სესილია თაყაიშვილი იდგა (აცხონოს ღმერთმა), – მოცილდით ფანჯარას და არ დაგინახოთ აქ მოსულები მეორედო, ეჩხუბება ორივეს სერიოზული სახით, ესენი კიდევ ხარხარებენ და დაგვალევინე თითო ჭიქა შენი არაყი სესილიაო, ეხვეწებიან.

არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა, ლანძღა სესილიამ და ახვეწნინა ორივეს კარგა ხანს, ის დრო იყო, სესილია რომ უკვე ავადმყოფობდა, აღარ იღებდნენ კინოში და მის წყევლას და ჩხუბსაც ის შიშხათი აღარ ჰქონდა უკვე. გისოსები ჰქონდა ფანჯარას, მახსოვს კარგად, მოკლედ არის ერთი წყევლა-კრულვა იქიდან და აქედან ხარხარი და ხვეწნა…

ბოლოს, ფანჯრის შიგნითა რაფაზე გამოჩნდა გრაფინით არაყი, მერე მისაყოლებელიც გამოუტანა და მოკლედ რომ ვთქვათ, ფანჯრის რაფაზე გაიშალა სესილიასთან პატარა დილის სუფრაც, ესენი აქედან შეყოფდნენ გისოსებში ხელს, დაისხამდნენ, გამოწევდნენ ხელს, დაილოცებოდნენ და დალევდნენ, თან მისაყოლებელსაც ატანდნენ, იქიდან კი სესილია იყო ფანჯარასთან მომდგარი და არ აკლებდა ,,ქათინაურებს”, აქედან ეს ორი ბუმბერაზი ეფერებოდა სასწაული სიყვარულის ენით სესილიას და იყო მოკლედ ჩახუტების დილა. ვუყურებდი და უცნაურ სიამაყეს და სითბოს ვგრძნობდი, რომ რაღაცა ძალიან დიდის და ძალიან ინტიმურის მონაწილე ვიყავი.

იმ დღეს დავაგვიანე რეპეტიტორთანაც ასვლა, მაგრამ ღირდა…

ამ თბილისური მოგონებისთვის მადლობა ქართლოს მარჯანიძეს…”