ყაზახეთში დემოკრატია საიმედოდ მყარდება და საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები რეკორდულად იზრდება

სულ მალე, ყაზახეთი თავის დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები რეგულარულად იმართება 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამა წლის 20 ნოემბრის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, შეიძლება, ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანად ყაზახეთში დემოკრატიული პოლიტიკის მომავლისთვის.

ეს წელი ყველაზე ტურბულენტური იყო რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში. თავდაპირველად ქვეყანას შოკი მოჰგვარა იანვრის ტრაგიკულმა მოვლენებმა, როდესაც ყაზახეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა მოხდა. ერთი თვის შემდეგ უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, რამაც ირიბად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, ყაზახებმა დაიწყეს ახალი თავის დაწერა თავიანთ პოლიტიკურ განვითარებაში. მარტის თვეში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თავის ხალხს შესთავაზა საკონსტიტუციო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს შეცვალოს მთელი სახელმწიფო მოდელი და მმართველობის ფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის გზით, პარლამენტის როლის გაძლიერებით, მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდით პოლიტიკურ პროცესებში და ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებით.

ყაზახეთის მოქალაქეების 77 პროცენტმა მხარი დაუჭირა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ივნისის რეფერენდუმზე. ეს იყო დემონსტრირება იმისა, თუ რა არის სამართლიანი ყაზახეთი – მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და მოქალაქეების უფრო დიდი როლი მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში. ყაზახეთის ხალხის დემოკრატიული განვითარების შეგნებული სურვილის წყალობით, ქვეყანა გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების ერთ-ერთი ლიდერი.

ეკონომიკური ინიციატივები მიზნად ისახავს დივერსიფიკაციას, დემონოპოლიზაციას და ეროვნული შემოსავლის სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ ტოკაევის წინადადებით, საპრეზიდენტო ვადა შემცირდა ორი ხუთწლიანი ვადიდან ერთ შვიდწლიან პერიოდზე, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. ეს ინიციატივა გამორიცხავს ძალაუფლების მონოპოლიზაციის რისკებს და გააძლიერებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს.

ამ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და რეფორმების გათვალისწინებით, სექტემბერში, მოქმედმა პრეზიდენტმა ტოკაევმა გადაწყვიტა თავისი მანდატის ლეგიტიმურობა დემოკრატიული გზით  დაედასტურებინა, რათა ყაზახეთს მიეცეს შესაძლებლობა, განხორციელდეს ფუნდამენტური ცვლილებები მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში. ყაზახეთი სწრაფი ტემპით იცვლება და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა თავიანთი აზრი გამოხატონ ქვეყნის მომავალ მიმართულებასთან დაკავშირებით. არჩევნები საშუალებას იძლევა, მოხდეს ტოკაევის პრეზიდენტობის სამი წლის გააზრება და გაირკვეს, ეთანხმება თუ არა ხალხი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული სამართლიანი ყაზახეთის კონცეფციას.

ეს არჩევნები ასევე იქნება ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნის ისტორიაში. არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ექვსი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ამომრჩეველს ფართო არჩევანს აძლევს. გარდა ამისა, რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობისთვის ორი ქალი იბრძვის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყაზახეთის მიმდინარე დემოკრატიულ განვითარებაში. წლების განმავლობაში ყაზახეთი დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ქალთა როლის გაზრდას ბიზნესსა და პოლიტიკაში. ჩვენ ახლა ვხედავთ ამ ძალისხმევის შედეგს.

ყაზახეთის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის პროცესი სტრუქტურირებულია ისე, რომ იყოს ღია და სამართლიანი. მაგალითად, ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს ხელმოწერა ყაზახეთში რეგისტრირებული ამომრჩეველთა 1%-ისგან – დაახლოებით 118 000 ადამიანისგან. ექვსმა კანდიდატმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ ხედვას, ბევრი მოქალაქის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის დემოკრატიის პროცესის ნამდვილობის კიდევ ერთი დასტური.

რა თქმა უნდა, აუცილებელია არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარება. ყაზახეთი აჩვენებს, რომ ის სცილდება საერთო მოლოდინს. პრეზიდენტმა ტოკაევმა პირობა დადო, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ღიად და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო მონაწილეობით. წინა არჩევნებს ზედამხედველობას უწევდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. ყაზახეთი ყოველთვის მიესალმება დამკვირვებლებს, მათ კონსტრუქციულ აზრს და მოუთმენლად ელის მათ მომავალ არჩევნებში.

მნიშვნელოვანი გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, მომავალი კენჭისყრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყაზახეთისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. როგორც ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიასა და ევროპას შორის, ყაზახეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობის ხელშეწყობაში.

ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რადგან ჩვენი ქვეყანა ყაზახეთის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, რომელთანაც მეგობრობასა და ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა საკმაოდ აქტიურად და სისტემატურად ვითარდება.

რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის, მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, ყაზახეთისა და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და სატრანზიტო კვანძის როლი ამჟამად იზრდება.

ყაზახეთს და საქართველოს შეუძლიათ შეასრულონ უფრო მნიშვნელოვანი როლი ევროპისა და აზიის ძირითად ბაზრებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, ყაზახეთი მზადაა განავითაროს თანამშრომლობა რეგიონული კავშირების გასაფართოებლად და ორი ქვეყნის ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების ხელშეწყობის მიზნით, მოაწყოს ერთობლივი ღონისძიებები მეტი სატრანსპორტო და სატრანზიტო ნაკადების მოსაზიდად.

საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დიდი ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების ფარგლებში ერთობლივი მუშაობა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას.

ამას მოწმობს ის მაჩვენებლებიც, თუკი ბოლო ორ წელიწადში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 100 მილიონ აშშ დოლარს ოდნავ აღემატებოდა, 2022 წლის სულ რაღაც რვა თვეში ორმხრივი ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის თითქმის 200%-ით გაიზარდა და აგვისტოში – $329.4 მილიონს მიაღწია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყაზახეთის მოსახლეობამ შექმნა სტაბილური, აყვავებული და ინკლუზიური საზოგადოება. დემოკრატიული უფლების გამოყენება სახალხო კენჭისყრის გზით ხელს შეუწყობს მიღწეული მიღწევების კონსოლიდაციას. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ყაზახეთი გააგრძელებს მრავალვექტორულ პოლიტიკას.

იმ მყარი საფუძვლის გათვალისწინებით, რომელიც დაედო დიპლომატიურ ურთიერთობებს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არსებობს ყველა საფუძველი, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული ურთიერთობების მომავალზე.

 

სიმონ კალაძე