რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

გარდა ამისა, „მხარეებმა აღნიშნეს რუსი სამშვიდობოების მნიშვნელოვანი წვლილი ამ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და საკითხების სუვერენიტეტის აღიარების საფუძველზე გადაჭრაზე.

პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას.

დღეს ვლადიმირ პუტინმა სოჭში მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. სხვა საკითხებთან ერთად, მათ განიხილეს დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველი გახდება.