ეკა გიგაურის ხელმძღვანელობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ძალიან სწრაფი ტემპით დაინგრა და განადგურდა მისი რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან განაცხადა.
ეკა გიგაურისგან გასაკვირი არ არის, რადგან ის არის მათი პოლიტიკური დაჯგუფების წევრი, უკვე მრავალი წელია, ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და აყენებინებს სხვებს პოლიტიკური მიზნებისთვის. რეალურად გვახსოვს გამჭვირვალობა როგორ დაფუძნდა ჩვენს ქვეყანაში რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა წარსულში, მაგრამ ამ ხელმძღვანელის პირობებში, რეალურად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან სწრაფი ტემპით დაინგრა და განადგურდა მისი რეპუტაცია. სწორედ ასეთი შერჩევითი მიდგომებით, როდესაც რამდენიმე წლის წინ ეს და სხვა ორგანიზაციები დასხდნენ ღია ეთერში და მოითხოვეს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის გადადგომა, მათ ვუპასუხე, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკური პარტიები და არა არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს მაშინ მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა, შეიშმუშნენ და იუკადრისეს. წლებმა აჩვენა, რომ დიახ, ისინი ნამდვილად რამდენიმე წელია, უკვე ყალიბდებიან პოლიტიკურ პარტიებად. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საქართველოში არასამთავრობო სექტორისთვის და მისი სიჯანსაღისთვის. მეტი რა დიაგნოზი შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს დაუსვას, ეს არის ჩემი შეფასება.
რაც შეეხება ISFED-ს, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს იმის მერე, რაც ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს აკადრეს არაერთი ტყუილის სახით“, – განაცხადა წულუკიანმა.