საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პარლამენტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელსაც პარლამენტმა 82 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილების მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოება და საბჭოს მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გათვალისწინება.
„ეს იქნება ორმხრივი სარგებელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებაში და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს, ამავდროულად საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.