იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები მყარია და დანაშაულს ადასტურებს.
მისივე თქმით, პროცედურული დარღვევები, რომელზეც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია საუბარი, გავლენას არ მოახდენდა შედეგზე.
როგორც ბექა ძამაშვილი ამბობს, შესაბამისად, რაიმეს გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, განაჩენი, სადაც დასაბუთებულია, რა მტკიცებულებებს ეფუძნება მომჩივანის მიერ ჩადენილი დანაშაული. დღეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ მტკიცებულებები მყარია და ადასტურებს დანაშაულს. მეორე მხრივ, გვაქვს პროცედურული დარღვევები, რომლებიც გავლენას არ მოახდენდა ამ შინაარსზე. როდესაც დარღვევა დგინდება ხოლმე, ზოგადად, გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ხდება მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, შიდასასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან მარტივად არის ფაქტები, რომ გასაგებია, ევროპული სასამართლოს შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, სხდომა მთლიანად არ დახურულიყო და რაღაც ნაწილი საჯარო ყოფილიყო, რათა ვთქვათ, საზოგადოებას ჰქონოდა მეტი ინფორმაცია. განაჩენი დადგებოდა ისეთივე, როგორიც დადგა დახურულ სხდომაზე. ღია სხდომის შემთხვევაშიც იგივე განაჩენი იქნებოდა. ეს შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ანალოგიურად, უდანაშაულობის პრეზუმციის შემთხვევაშიც, ევროპულმა სასამართლომ ცალკეული საჯარო ფიგურების განცხადებები რაღაც გარემოებებთან ერთობლიობაში შეიძლება ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ ჩათვალა, მაგრამ ესეც ხომ ვერ მოახდენდა გავლენას კონკრეტულ შედეგზე. სასამართლოს განაჩენი ეფუძნება არა საჯარო განცხადებებს, არამედ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საკმაოდ მყარ მტკიცებულებებს. ეს მტკიცებულებების ერთობლიობა წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომელზეც დღეს, დღევანდელ გადაწყვეტილებაში შეფასება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ ყველა მტკიცებულება იყო კანონიერად მოპოვებული და ერთობლიობაში ქმნიდა საფუძველს, რომ მიღებულიყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ეროვნულმა სასამართლოებმა.
საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო როდესაც გადაწყვეტილებას აჯამებს, ამბობს, რომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს სამართლიანი სასამართლოს წარმოება ეროვნულ დონეზე ჰქონდა დაცული. შესაბამისად, ჩვენი აზრით, საკმაოდ მკაფიო არის პასუხი. ანუ, რაიმე გადასასინჯი არ არის, თუმცა ეს მხარის პროცესუალური უფლებაა. ისინი თუ მიიჩნევენ, რომ უნდა მიმართონ შიდასასამართლოს, რათა რაღაც გადაისინჯოს, ამაზე შიდასასამართლო შეფასებას გააკეთებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, არანაირი საფუძველი არ არის, რომ რაიმე გადაისინჯოს. თავად სტრასბურგის სასამართლომ გააკეთა საკმაოდ მყარი შეფასება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.