ხალხმა დაინახა, რომ გაჩნდა ადამიანების ერთობა, რომელიც მის სათქმელს [ამბობს]. ეს განწყობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ახლოა, – უამრავი ადამიანი გვეხმაურება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან კვლავ ისაუბრა აშშ-ის საელჩოზე და მიუთითა, რომ დიპლომატიური უწყება საკუთარ კომპეტენციას სცდება.
„ამერიკის საელჩოს განცხადება გვარამიას სასამართლოზე – რა უფლება აქვთ, რატომ ერევა საელჩო. ჯერ კიდევ არსებობს სამართლებრივი პროცესი, უზენაესი სასამართლო, ევროპული სასამართლო, სადაც შეუძლია გაასაჩივროს და სამართლებრივ გზას მიჰყვეს და თუ ეს ყველაფერი დამთავრდება, მაშინ კიდევ შესაძლებელია, რომ მან ამ თემაზე გამოთქვას თავისი აზრი. მაგრამ როგორ პოზიციონირებს იცით აშშ-ის საელჩო? – თითქოს ერთ-ერთი ინსტიტუტია ქვეყნის განვითარების. ამ დროს არის საელჩო, რომელიც წარმოადგენს თავის ქვეყანას. ეს პირდაპირი ჩარევაა. ჩვენ წერილში გვქონდა საუბარი რაზე – ის, რომ მე, პარლამენტის წევრს, არათუ უფლება მაქვს კითხვა დავსვა, არამედ ვალდებულიც ვარ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ ვარ არჩეული, რომ კითხვა დავსვა. ეს მთელი ნეგატიური კამპანია, რომელიც დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ და ხელისუფლებას მიმართეს პირდაპირ, რომ გაგვემიჯნონ. რას ნიშნავს გაემიჯნონ, როგორ უნდა გაემიჯნოს პარლამენტის წევრს ხელისუფალი თუ ვინც არ უნდა იყოს. რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება?! თუ გვინდა, რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, თუ გვინდა დასავლური ღირებულებები, ფასეულობები, სიმართლე არ უნდა დაიმალოს. გაიხსენეთ, ლევან ბერძენიშვილმა როგორი განცხადება გააკეთა, მე მომმართა – ყაველაშვილი რას გააკეთებს, რომ აშშ-მ გამოუცხადოს ომი საქართველოსო. ადრე რომ იყო – რუსეთს როგორ შეიძლება რამე აკადრო, ახლა შეიცვალა ვექტორი და აშშ-ს როგორ უბედავ, საერთოდ როგორ სვამ კითხვას, ის რომ მოგიტრიალდეს და ომი გამოგიცხადოს… გესმით პათოსი რა არის?! ჩვენ შემოვიტანეთ მარტივი თემები, რომ ვისაუბროთ ამაზე თამამად, მით უმეტეს, თუ ის პარტნიორია და ლეგიტიმური კითხვები გვაქვს.
ურთიერთთანამშრომლობის არაერთი საკითხი გვაქვს პარტნიორულ ურთიერთობაში, ერთმანეთს პატივს ვცემთ, აბა რას ნიშნავს პარტნიორობა და ამ დროს მათგან დაფინანსებული სექტორი გამოდის გარეთ და გეუბნება, რომ შენ რუსეთის ხელისუფლება ხარ. უამრავი ადამიანი გვეხმაურება. როცა ღია ხარ და ადამიანებს ესაუბრები. მანამდე პირიქით გვქონდა ზეწოლა ადამიანებისგან, თუ ეს ასეა, რატომ არ ამბობ? საზოგადოება აღშფოთებული იყო და იძულებულები ვიყავით ბოდიშიც არაერთხელ მოგვეხადა. იმიტომ, რომ ამ პარტნიორული ურთიერთობის [გამო] რაღაცები ზედაპირზე არ ამოგვეტანა და მტკივნეული არ ყოფილიყო. ამას ყველაზე კარგად გრძნობდა ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.