“ტუალეტთან რომ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს ელოდები, რათა სელფი გადაიღო, ეს ხომ არ იმალება” -გოგა ხაინდრავა გიორგი ვაშაძეზე

ტუალეტთან რომ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს ელოდები, რათა სელფი გადაიღო, ეს ხომ არ იმალება. ხალხი დადის ამ დერეფანში და ხედავს, სად ხდება და რა ხდება. მერე შეიძლება ჩამოხვიდე აქ და ტყუილები ისაუბრო, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გიორგი ვაშაძისა და პარტიების რადიკალურ ფლანგზე შესაძლო გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ფლანგზე პოლიტიკური იდეოლოგიის სრული კრახია.

„საქმე გვაქვს სრულ კრახთან – პირველ რიგში, იდეოლოგიის, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ. ფსევდოლიბერალიზმის კრახია მთელს მსოფლიოში. ჩვენ ამას ვხედავთ, მსოფლიო შეიცვალა და ბუნებრივია, ამათთვის არავის სცალია. რომ არ სცალიათ, ამას გრძნობენ. ამიტომ ახლა ერთმანეთს დაერივნენ. საერთოდ, როგორც წესი, ეს ასეა. მაგათ არ ვადარებ, უბრალოდ მაგალითი მომყავს, ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილ რომანშია, როდესაც ერთ კასრში არიან, შემდეგ ერთმანეთის ჭამას იწყებენ. აი, ამას ვუყურებთ ახლა ჩვენ ზუსტად.

დასავლეთში დასაყრდენი აღარ ჰყავთ, ვინც ამ იდეოლოგიას აფინანსებდა და ასულდგმულებდა საქართველოში, რადგან ჩვენთვის ეს აბსოლუტურად უცხო იდეოლოგიაა. ქართული ფსევდოლიბერალიზმი ვის გაუგია, გარდა ჩერგოლეიშვილისა და სალომე სამადაშვილის?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მან უარყო, რომ რადიკალურ ფრონტზე პოლიტიკური სახის გადაჯგუფება მიდის. „სადაც კიკუ ვაშაძეა, იქ პოლიტიკა ვერ იქნება. სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. მათ ჰგონიათ, რომ ბრიუსელში წასვლა ძნელია, თორემ ბრიუსელი ღიაა. დასცინიან მათ. ტუალეტთან, რომ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს ელოდები, რათა სელფი გადაიღო, ეს ხომ არ იმალება. ხალხი დადის ამ დერეფანში და ხედავს, სად ხდება და რა ხდება. მერე შეიძლება ჩამოხვიდე აქ და ტყუილები ისაუბრო“, – აღნიშნა ხაინდრავამ.