აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებას უარყოფენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. ერევანში აცხადებენ, რომ სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია.
მანამდე, 3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის ვიცეპრემიერი ესწრებოდა.
ბრიუსელში მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდეს. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მხარეები საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Armenia/Azerbaijan: EU hosted 🇦🇲 &🇦🇿 border commissions meeting.
We commend the constructive atmosphere and willingness of the parties to continue working on addressing border-related issues https://t.co/UTyIk2mAR6
— Nabila Massrali (@NabilaEUspox) November 3, 2022
წყარო: ptn.ge