პაატა მანჯგალაძე – ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის.
ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ცოტა დარჩება პრორუსი და მათ ხელისუფლებას ადვილად ჩამოაშორებენ.
„100%-ით ვეთანხმები ზურა (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებას. „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფრო ადრე საუბრობდა, რომ პროდასავლურ უმრავლესობას მართავს სამწუხაროდ, პრორუსი უმცირესობა. დიახ, უნდა გაევლოს ზღვარი, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის. რა თქმა უნდა, ცოტა დარჩება პრორუსი, ამ ხალხს ყველა დავინახავთ, დავთვლით და ხელისუფლებას ადვილად ჩამოვაშორებთ. პრობლემა ზუსტად ამაშია, ვიდრე ვერ ვარჩევთ და გაყოფილი არ არის ერთმანეთისგან, ვინ არის ნამდვილი პროქართველი, პროდასავლელი და პუტინისტი, პრორუსი. ამ გაერთიანების ამოცანაა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ლუსტრირება მოვახდინოთ პრორუსის, მავნებლის და ნამდვილი პატრიოტი ქართველის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს: „თქვენ ხომ ევროკავშირის 12 პუნქტის სულისკვეთებით ერთიანდებით და პირველივე პუნქტი დეპოლარიზაციის დაწყებას ეხება“, რაზეც მანჯგალაძემ უპასუხა: „დეპოლარიზება წარმოუდგენია ხელისუფლებას, რომ დღეს ერთ ტელევიზიას დახურავს, მერე მეორეს, მესამეს, დაიჭერს და გაასამართლებს ლიდერებს, ამ დროს პირში წყალს ჩავიგუბებ და ვიტყვი: ვერ ვიტყვი ვერაფერს, დეპოლარიზაცია რეკომენდაციაში მიწერია და ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება“.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი“.
წყარო: itv.ge