ირაკლი ზარქუა – არ მაქვს საფუძველი, სერიოზულად აღვიქვა ე.წ. ტროიკა და მათი ამბიციები, ერთმანეთს ატყუებენ და დაიშლებიან.
ეს ხელმოცარულები და წყალწაღებულები რომ გაერთიანდნენ, მცდელობა აქვთ ისევ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა შედეგი უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, ისინი ერთმანეთს ატყუებენ და დაიშლებიან.
„რაც შეეხება ე.წ. „ტროიკის“ თემას, ეს ხელმოცარულები და წყალწაღებულები რომ გაერთიანდნენ, არ ვიცი, რა იმედი უნდა ჰქონდეთ, არაფერი. მცდელობა აქვთ, ისევ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა შედეგი უნდა მიიღოს. მაგალითად, ვაშაძე, ვინც შეიყვანა, მგონი, ბოლოს თვითონ და ის პაატა დარჩნენ. ახლა გიჟ ჯაფარას მცდელობა აქვს, ვითომ თავისუფალი სამყაროს ლიდერია, საკუთარი პარტია რომ შექმნა, გახსოვთ, რა შტერობებს ჩადიოდა. იქიდანაც კი გამოაბუნძულეს, იმდენად უსამართლო და არაადეკვატური ტიპია. მესამე ქალბატონი ხოშტარია, რუსული ფულით. არ ვიცი, შეიძლება ჩვენ გვყავს საზოგადოებაში რუსული ორიენტაციის გარკვეული მიმდევრები და ალბათ, მათ თუ შემოიკრებს, თორემ ამათმა, „ტროიკამ“ რა შედეგი უნდა მოგვცეს. პროცენტი იქნება ისევ ჯამში 1-1,5 %, თუ მანამდე არ დაიშალნენ. მეორე არის ალბათ, ვიღაცას ატყუებენ, მორიგ შეძლებულ ადამიანს, რომ დააფინანსოს და ფული გამოსძალონ. სავარაუდოდ, ეს არის სქემა და ეს არის ალბათ ისევ კეზერაშვილი. მოდებულია, ყველაფერს აფინანსებს, რამ გაამწარა ეს ადამიანი, ვერ ვხვდები, ან რა ინტერესი აქვს, აქ რომ იყო ხმა არ ამოუღია და ახლა ნაძარცვი ფულით პოლიტიკას აფინანსებს, ჰგონია რომ შერჩება. რაც მოიპარა, მასაც მოუწევს პასუხისგება, როგორც სააკაშვილს მოუწია, იმ დანაშაულებებისთვის, რაც ჩაიდინეს წლების განმავლობაში. არ მაქვს საფუძველი, სერიოზულად აღვიქვა ე.წ. ტროიკა და მათი ამბიციები. ერთმანეთს ატყუებენ და დაიშლებიან” – განაცხადა ზარქუამ.
შეკითხვაზე, „რატომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციონერების გაერთიანების მომხრე“, ზარქუამ აღნიშნა, რომ ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება, მასთან ერთად პარტნიორობა და იმდენად ესირცხვილებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე პარლამენტს ტოვებენ.
– „რაღაც მომენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ მართალიც არის. ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება, მასთან ერთად პარტნიორობა და ჩვენ ამას ვამბობდით, შეიკრიბნენ, შევლენ პარლამენტში, მერე დაიშლებიან და „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება მათთვის საინტერესო პარტნიორი. თუმცა, მეორეს მხრივ, ამ ე.წ. ტროიკისიც მესმის. მათ ნახეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდად განსხვავებული რეიტინგი არ აქვთ მათთან მიმართებაში. ბოლოს 6 თუ 7 % დაუწერა NDI-მ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ასე ჩამოქვეითდა და იმის შემდეგ კიდევ მრავალი უბედურება გადაიტანეს, ერთმანეთში ქიშპობა და დაპირისპირება. იმდენად ესირცხვებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტოვებენ უკვე პარლამენტს. ქალბატონმა მამულაშვილმა დატოვა პარლამენტიც და „ნაციონალური მოძრაობაც“, რადგან მიხვდა იქ არაფერი ესაქმებოდა და გაემიჯნა. მათ შორის, ის ახალგაზრდა სახეები, ვინც მიიყვანეს პარტიაში, გახსოვთ? ისინიც გაემიჯნენ, რადგან მიდის რღვევა. მე, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მიხარია ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია, აბა სად არის, არც ავტორიტეტი გააჩნიათ, არც სინდისი, არც ნამუსი, არც ელექტორატი. არაფერი გააჩნიათ. ხელმოცარულები არიან, ერთადერთი არიან კეზერაშვილის ფულის იმედად, კი ბატონო იყვნენ და რას მოუტანთ და როდემდე იქნებიან ასე“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმების ფონზე რეკომენდაციების შესრულების საკითხს, ზარქუამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 12-პუნქტიან გეგმას შეასრულებს.
„ჩვენ რაც გვევალებოდა, გავაკეთებთ. მათ ევალებოდათ პირველი პუნქტის შესრულება, რომ დუღილის ტემპერატურა და დეპოლარიზაცია რამენაირად შეგვემცირებინა. ამის სანაცვლოდ რას აკეთებენ? ის გიჟი ჯაფარა დარბის და ხაზავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში. უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ პოლარიზაცია არის ის, რაც ჩვენ, ქართულ პოლიტიკას სჭირდება. ანუ პირიქით ჯდებიან ერთი-ერთში, ვისაც უნდა ქაოსი, არეულობა, ვისაც უნდა, რომ ქართველმა ისევ ქართველს ესროლოს, ისევ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, 90-იან წლებში. რატომ, რადგან ამ მავნებლებს ჰგონიათ, ამ გზით ხელისუფლებაში რევოლუციური სცენარით მოვლენ” – აღნიშნა ზარქუამ.
წყარო: newposts.ge