„შეხვედრა გვქონდა იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ჩვენ ინტენსიურად ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ასევე დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე, რომელიც შეხვედრებზე გამოიკვეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იაპონია მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღიარებს საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ორი მომენტია, რომელსაც ამ შეხვედრებიდან გამოვყოფ – ეს შეეხება დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ისტორიულადაც იმ პრობლემური ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთთან ჰქონდა, ყოველთვის აცნობიერებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, დღეს ჩანს, რომ მას გახსნილად ესმის ის პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან, მის საოკუპაციო პოლიტიკასთან საქართველოსთან მიმართებაში და იმასთან დაკავშირებით, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშირისო წესრიგი მნიშვნელოვანია იყოს მხარდაჭერილი და გაძლიერებული.
ამ მხრივ, ჩვენ ინტენსიურად გვქონდა საუბარი როგორც რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა იაპონიის ინტერესი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„მეორე საკითხი ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს. დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. იაპონური კომპანიები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ ამ მხრივ, თუმცა რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა ინტერესი არის ძალიან დიდი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, არის დამაკავშირებელი ევროპისა და აზიის, მათ შორის ენერგო რესურსების ტრანსპორტირების კუთხით. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.