მედიის ცნობით, კატარმა გერმანია ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა

კატარმა გერმანია ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც გერმანული მედია წერს, კატარის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია გერმანიის მთავრობის მხრიდან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ გამოთქმულმა კრიტიკამ.

დოჰაში უკმაყოფილოები არიან გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის განცხადებით, რომელმაც გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „კატარის მსგავს სახელმწიფოებს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლება არ უნდა მიეცეთ“.

ასევე, ნენსი ფეზერმა კატარის მთავრობას მოსთხოვა გარანტია, რომ ლგბტ-პირთა უფლებები დაცული იქნება.

საპასუხოდ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ბენ აბდელ რაჰმან ალ თანიმ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცეიტუნგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსები გერმანიის მოსახლეობას დეზინფორმაციას აწვდიან, რომელიც ყალბ სურათს ქმნის.

ამასთან, კატარელმა დიპლომატმა ბერლინს შეახსენა, რომ გერმანიას არ აქვს პრობლემები, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკულ პარტნიორობას ან გერმანიის მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციას.

„როდესაც ჩვენ გვსურს, ჩავატაროთ საფეხბურთო ჩემპიონატი, დავტკბეთ ამ მომენტით და ვიზეიმოთ გერმანიის ნაკრებთან ერთად, მაშინ იყენებენ ორმაგ სტანდარტებს“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალ თანიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონატზე ყველას სიხარულით ელოდებიან და არავის დისკრიმინაცია არ მოხდება.

მანამდე, 28 ოქტომბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, გერმანიის ელჩი კატარის საგარეო უწყებაში დაიბარეს და ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს.