ევროკავშირში გასაწევრიანებლად უყრაინის მომზადებას წლები დასჭირდება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ „დოიჩე ველესთან“ საუბრისას განაცხადა.
„მასშტაბური სამუშაოებია უცილებელი, რათა უკრაინა ევროკავშირის შიდა ბაზარსა და პოლიტიკის სხვა მრავალ სფეროში ჩართვისთვის მოემზადოს. ამას სავარაუდოდ, წელიწადზე ან ორ წელზე მეტი დასჭირდება“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ვარჰეი დადებითად აფასებს უკრაინის მისწრაფებას, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ განსახორციელებელი შვიდი რეფორმა სწრაფად ვერ ჩატარდება. მისი თქმით, ჯერ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გრაფიკის შეთანხმებაც კი შეუძლებელია.
გარდა ამისა, გამოცემასთან საუბრისას, ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გაწევრიანების პროცესი 2024 წლის მიწურულისთვის დაასრულოს.
მისი თქმით, ქვეყანა ასრულებს საშინაო დავალებას და უკვე განახორციელა რეფორმების დიდი ნაწილი, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროში.