სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას რომ არაფერი მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი ოპოიციური სამეულის: ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნება.
„სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას რომ არაფერი მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით. ესეც მორიგი მცდელობაა. უბრალოდ, მცდელობაა ანტურაჟის შექმნის, რომ თითქოს, რაღაც ხდება მათ ფლანგზე, სინამდვილეში, საერთოდ არაფერი ხდება. ზუსტად იგივე ხდება, რაც ადრე იყო. ეს არის ნაკლები პატრიოტიზმი და ნაკლები სურვილი, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. სწორედ პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს და რის გამოც ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და რა თქმა უნდა, არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.