ჯო ბაიდენი – ჩვენ სენატსა და წარმომადგენლობით პალატას თუ დავკარგავთ, წინ საშინელი ორი წელი გველოდება

„ჩვენ სენატსა და წარმომადგენლობით პალატას თუ დავკარგავთ, წინ საშინელი ორი წელი გველოდება. კარგი ამბავი ის არის, რომ მე ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩიკაგოში განაცხადა.

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება, არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.

ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.