გიორგი ვაშაძე: ჩვენი სამიზნე უნდა იყოს კობახიძე, რომელიც სანქციების ქვეშ პირველი მოექცევა, ვერც ევროკავშირში შევა, ვერც ამერიკაში ჩავა, ის არის ქვეყნის მტერი

ჩვენი სამიზნე უნდა იყოს კობახიძე, რომელიც სანქციების ქვეშ პირველი მოექცევა, ვერც ევროკავშირში შევა, ვერც ამერიკაში ჩავა, ის არის ქვეყნის მტერი _ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი სამიზნე უნდა იყოს კობახიძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, სანქციების ქვეშ პირველი მოექცევა. მას ბრიუსელში აღარავინ ხვდება, ვერც ევროკავშირში შევა, ვერც ამერიკაში ჩავა და ვერსად, რადგან საქართველოს მტრებს ყოველთვის ასე მოვექცევით, ყველგან. კობახიძე არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

დიდი პროევროპული ერთობა აუცილებლად შედგება საქართველოში, რადგან საქართველო ვერ აცდება ვერცერთ შემთხვევაში ევროპული ინტეგრაციის გზას, რაც არ უნდა შეეცადონ რუსეთიდან დავალების შემსრულებელი კობახიძეები, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერი და ა.შ. ისე იმეორებთ კეზერაშვილი, კეზერაშვილი – მე ღიად და გულწრფელად გეტყვით, რომ ყველასთან, ვინც ევროპულ გზაზე სვლაში დაგვეხმარება, მზად ვარ, ვითანამშრომლო და ღიად ვიმუშაოთ აბსოლუტურად ყველასთან. სამი პრინციპია ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი: პირველი – ევროინტეგრაცია და ევროპასთან თანამშრომლობა, მეორე – სამშობლოს სიყვარული და მესამე – კანონის წინაშე თანასწორობა. არანაირი ექსკლუზივი არავისთან არ გვექნება და დანარჩენი ყველას დაველაპარაკები. ერთადერთი, ვისაც არ დაველაპარაკები საქართველოში ესენი არიან პრორუსები, ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ აგვაცდინონ ევროპული განვითარების პერსპექტივას. კეზერაშვილი კი არა, ღობეგლეჯიაშვილი რომ იყოს, ყველას დაველაპარაკები. სამი პრინციპია სამუშაო პირველი – პროევროპელობა, მეორე – არანაირი ექსკლუზიური ურთიერთობა არავისთან არ გვექნება და მესამე – კანონის წინაშე თანასწორობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.