კახა კალაძე – სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხები იწერება, მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს მას გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხები იწერება.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს მას გაკეთებული სამშობლოსთვის და ხალხისთვის.
„პირველი შემთხვევა არაა, როცა ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში იწერება მთელი რიგი არასწორი საკითხები და პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, არც შინაარსიდან გამომდინარე, რადგან საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ. შესაბამისად, ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს, რაც მოცემულია რეზოლუციაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ევროპულ გზას, კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.
„თუნდაც 12-პუნქტიანი დათქმა, რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულდება და გაკეთდება, რათა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: itv.ge