აშშ-ის შუალედური არჩევნები იყო კონკურენტული, მაგრამ ასევე პოლარიზებული, შეინიშნებოდა მუქარები საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევა საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის ძირის გამოთხრისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ს მოხსენებაში.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაგრამ ბევრი საარჩევნო ბრძოლა იყო ძლიერ პოლარიზებული და დაზიანებული მკაცრი რიტორიკით, ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ ხშირ შემთხვევაში გამოიწვია არაკონკურენტული ოლქები.
მოხსენების მიხედვით, ორივე ძირითადი პარტიის პოლიტიკური კამპანია იყო უაღრესად გამყოფი, წამქეზებელი რიტორიკით, რასაც თან ახლდა რასისტული და ტრანსფობიური შენიშვნები ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან.
„გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიც არის საარჩევნო უბნების არათანაბრად გაყოფა, ფულის დიდი გავლენა კამპანიაზე, უნდა მოგვარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხმების რეალური თანასწორობა“, – განაცხადა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი დამკვირვებლების ლიდერმა მარგარეტა სედერფელტმა.
პარალელურად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერე ჯოან პონსმა თქვა, რომ როგორც ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული დემოკრატია, მნიშვნელოვანია, აშშ-მა განაგრძოს ერთგულების დემონსტრირება თავისი საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების თაობაზე, ხმის უფლების გაზრდით, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერებითა და დეზინფორმაციასთან წინააღდეგობით.
„დემოკრატიის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აშშ დგას, საერთოა ეუთო-ს მრავალი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა მათ დემოკრატიულ პროცესებში“, – აღნიშნა პერე ჯოან პონსმა.
ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში პლურალისტური მედიაგარემო კონკურენტული არჩევნების წინაპირობაა, მაგრამ როდესაც გაშუქებისა და კომენტარების შინაარსი გადმოცემულია დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ენით პროცესში ჩართული პირების მიმართ, ეს ქმნის ატმოსფეროს, რომელსაც, როგორც ცხადად გამოჩნდა, შეიძლება მოჰყვეს მუქარა, დაშინება და ძალადობა.