ზურაბ აზარაშვილი – პირველ ეტაპზე, იანვრიდან ფასების ზედა ზღვარი შეეხება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, შემდეგ ეტაპებზე კი სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონის პროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ შედის ცვლილება. აზარაშვილის განმარტებით, მომავალი წლიდან წამლებზე ფასების ზედა ზღვარი, ანუ რეფერენტული ფასები დაწესდება.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება საშუალოდ წამლების ღირებულებას 40 პროცენტამდე გააიაფებს.
„ისტორიული გადაწყვეტილება ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება ელექტრონული რეცეპტებით, შემდეგ გენერირებით. ასევე, გავხსენით თურქეთის ბაზარი. ჩვენი დღევანდელი გათვლებით, შემოტანილი მედიკამენტების ხარჯზე მოსახლეობამ 100 მილიონ ლარამდე დაზოგა. შემდეგი ეტაპი ეხება რეფერენტული ფასების დადგენას. სამინისტროზე იქნება დელეგირება რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრის, ფასების დადგენის პრინციპის, რაც ჩვენი აზრით, გათვლებით, მედიკამენტებს დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები დაწესდება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, შემდეგ კი ეტაპობრივად ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
„პირველ ეტაპზე, იანვრიდან რეფერენტული ფასები შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომლებიც 1 100-მდე დასახელებისაა. იანვრიდან ეს რეგულაცია დაახლოებით 200 მილიონი ლარის მედიკამენტებს შეეხება. მომდევნო ეტაპი იქნება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელება, რაც ვფიქრობთ, დაახლოებით მეორე კვარტლიდან მოხდება და შემდეგ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. ანუ, პირველ ეტაპზე, იანვრიდან რეფერენტული ფასები შეეხება ქრონიკულებს და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, მეორე კვარტლიდან ნებისმიერ სხვა სარეცეპტო მედიკამენტს, წლის ბოლომდე კი არასარეცეპტოებზეც, ანუ ყველაზე გავრცელდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილს კითხვით მიმართეს, რა მექანიზმები იარსებებს რეგულირებული ფასების გასაკონტროლებლად.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, კანონი ამ ნაწილში გამკაცრდება და რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.
„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ამ კანონში შეგვაქვს გამკაცრებაც, რომელიც შეხება დამრღვევების სხვადასხვა ტიპის სანქციებს. სანქციები პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას გულისხმობს, განმეორებით შემთხვევაზე კი ხუთიდან 45 000 ლარამდე დაჯარიმებას როგორ საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ისე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. რეგულაცია ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, ამიტომ სანქციების ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია – შემოწმებების, მონიტორინგის სიხშირე, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ. ასევე, ვალდებულება ექნებათ ინფორმაციის ონლაინრეჟიმში მოწოდების და ჩვენ დავინახავთ ბაზებსაც, რა ფასად ჰყიდიან. ეს აღსრულების ნაწილს გაცილებით გაგვიმარტივებს” – განაცხადა აზარაშვილმა.
წყარო: 1tv.ge