ზვიად ძიძიგური:„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისთვის „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება , – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს.

„კრივში არის ასეთი ტერმინი – „სავარჯიშო მსხალი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია სახელისუფლებო პარტიისთვის ამ ფუნქციას ასრულებს. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ისევ შენარჩუნება არ გაუჭირდება.

განახლების საჭიროებას ვხედავ, ოღონდ ამ პარტიაში კი არა, მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში და ვიდრე ეს პარტია [ნაციონალური მოძრაობა] მუდმივად ერთსა და იმავე სიტუაციაში იქნება, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებს, ხელისუფლებაც მეტს არაფერს გააკეთებს და ერთი და იმავე ტექსტებით დაგვღლის – „მე თუ არ ამირჩევთ, მოვა ჩემზე უარესი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.